მთავარისაქართველოირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლებელი იყო უკრაინაში რუსეთის ომის თავიდან აცილება

ირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლებელი იყო უკრაინაში რუსეთის ომის თავიდან აცილება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, უკრაინის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებისგან „უმაღლეს დონეზე მოითხოვდა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას“.

ამის შესახებ მან თურქულ ტელეკომპანია TRT WORLD-თან საუბრისას განაცხადა.

ოქტომბერში გამართული თბილისის აბრეშუმის ფორუმის ფარგლებში ჩაწერილ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ კვლავ ახსენა ე.წ. „მეორე ფრონტი“. მისივე მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ორიენტირებული იყო მშვიდობაზე, რითაც, როგორც თავად ამბობს, „მთავრობამ საზოგადოების დაკვეთას უპასუხა“:

„არ მინდა ბატონ ზელენსკის ვუპასუხო, რადგან ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ უკრაინის მთავრობა უმაღლეს დონეზე მოითხოვდა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას. მაგალითად, შემიძლია შეგახსენოთ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ზელენსკის მთავარი მრჩევლის და სხვა მრავალი პირის განცხადებები. ისინი ძალიან ნათლად მოითხოვდნენ ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას და ჩვენ უარი ვთქვით…

ბოლო 35 წლის განმავლობაში, ჩვენ ოთხი სხვადასხვა ომი გადავიტანეთ. გვინდა მშვიდობის შენარჩუნება და ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე, რომელსაც სურს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება…“

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუმცა, როგორც აცხადებს, „საერთაშორისო საზოგადოებას ბევრი არაფერი გაუკეთებია“:

„ვფიქრობ, უკრაინაში ამ ომის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელი იყო. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ნათელი იყო, რომ სამხედრო დაპირისპირება დაიწყებოდა. პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებდით, გაეკეთებინათ ყველაფერი ომის თავიდან ასარიდებლად, რაც სავსებით შესაძლებელი იყო 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში. ყველამ იცოდა, რომ ომი ეს-ესაა დაიწყებოდა, თუმცა არავინ არც კი ცდილობდა მის თავიდან არიდებას“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სრულად ეთანხმება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა:

„მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის შეერთებული შტატების ომი, მაგრამ ეს არის მარიონეტული ომი დასავლურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის. ამიტომ მე უბრალოდ ვიმეორებ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სიტყვებს…“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend