ბრაზილიის ქალაქ ბელემში მსოფლიოს ლიდერები გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე შეიკრიბნენ. წელს კონფერენცია მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის შუაგულში ტარდება.
„ლიდერებმა სერიოზულად უნდა აღიქვან მეცნიერთა გაფრთხილებები“ , – ამ სიტყვებით გახსნა მასპინძელმა СOP30. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ თქვა ისიც, რომ დროა ლიდერებმა სიმართლეს თვალი გაუსწორონ და გადაწყვიტონ, აქვთ თუ არა ნება და გამბედაობა რეალობის შესაცვლელად.
„რიო დე ჟანეიროში ჩატარებული დედამიწის სამიტიდან 30 წელზე მეტი გავიდა. კლიმატის კრება დაბრუნდა იქ, სადაც იგი დაიბადა. დღეს მთელი მსოფლიოს მზერა ბელემისკენ უდიდესი მოლოდინით არის მიპყრობილი. ისტორიაში პირველად, კლიმატის სამიტი ამაზონის გულში ჩატარდება.
ყოველწლიურად შესაძლოა 250 000 ადამიანი დაიღუპოს და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა 30%-ით შემცირდეს. სწორედ ამიტომ იქნება СOP30 სიმართლის კონფერენცია. დადაგა დრო, მეცნიერთა გაფრთხილებები სერიოზულად მივიღოთ. დადგა დრო, რეალობას თვალებში შევხედოთ და გადავწყვიტოთ, გვაქვს თუ არა გამბედაობა და ნება, რომ იგი შევცვალოთ“, – განაცხადა ლუის ინასიო ლულა და სილვამ.
СOP30-ზე შეკრებილებს მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. სიტყვით გამოსვლისას მან ახალ გლობალურ ამბიციებზე ისაუბრა და ქვეყნებს მოუწოდა, შეინარჩუნონ ე.წ. 1.5°C-იანი მიზანი, რაც იმას გულისხმობს, რომ გლობალური დათბობის მაჩვენებელი ამ ნიშნულს არ უნდა ასცდეს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის გადაწყვეტილებას, იყოს ამ ცვლილებების ლიდერი, რათა „მთელმა მსოფლიომ ისარგებლოს მდგრადი მომავლისგან მიღებული უპირატესობებით.“
„ჩვენ აქ ვართ – ამაზონის ტყის კარიბჭესთან და დიდი მოლოდინები გვაქვს. ეს უნდა იყოს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, რომელიც 1.5°C-ს ფარგლებში დარჩენას უზრუნველყოფს, კონფერენცია, რომელიც გააძლიერებს ჩვენს განზრახვას 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების რაოდენობის გასამმაგებისა და ენერგოეფექტურობის გაორმაგების მიმართულებებით, კონფერენცია, რომელიც შედეგს მოუტანს იმ ქვეყნებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების დამანგრეველი ზემოქმედების მიმართ ყველაზე მოწყვლადები არიან. ევროპული კავშირი მზად არის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს.
ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია: ევროპა რჩება თავის კურსზე. ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ მხარდაჭერას, რომ მათაც იგივე გზა აირჩიონ, რადგან მთელი მსოფლიო უნდა სარგებლობდეს სუფთა ენერგიაზე გადასვლის უპირატესობებით.
როგორც ევროკავშირი, ჩვენს წილს შევასრულებთ, რათა COP30 წარმატებული იყოს. აქ ვართ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ვალდებულებები, კიდევ უფრო დავაჩქაროთ ამ ვალდებულებების შესრულება, გამოვასწოროთ ხარვეზები, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და მივაღწიოთ რეალურ პროგრესს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ძალისხმევა არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, რომელთა დათვლაც თითებზე შეიძლება. ყველამ, ვისაც ვისაც ეს შეუძლია, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კონფერენციაზე.
„2015 წელს მსოფლიო საუკუნის ბოლოსთვის 4-5°C-მდე დათბობისკენ მიემართებოდა. პარიზის შეთანხმებისა და სახელმწიფოების, ბიზნესების, ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლის ძალისხმევით, ცვლილება დაიწყო – დაიწყო ნაბიჯების დაგეგმვა, ინვესტიციები, შემუშავდ აახალი მეთოდოლოგია. და ახლა პროგნოზი 2.8°C-მდეა შემცირებული.
რა თქმა უნდა, ეს პატარა ცვლილება არ არის, რადგან ყოველი მეათედი გრადუსი მნიშვნელოვანია. მაგრამ, ცხადია, ეს საკმარისი არაა. და როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა შეგვახსენა, ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, რომელიც 10 წლის წინ პარიზში ერთად დავისახეთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
გაეროს კლიმატის კონფერენცია 21 ნოემბრამდე გაგრძელდება. СOP30-ს არ ესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ინდოეთის ლიდერები. სწორედ ეს ქვეყნები ითვლება მსოფლიოში მოწინავედ ჰაერის დაბინძრების მხრივ.

