მთავარისაქართველო„ევროპული ბიუროკრატია ტრაგიკულ მდგომარეობაშია”, - ირაკლი კობახიძე

„ევროპული ბიუროკრატია ტრაგიკულ მდგომარეობაშია”, – ირაკლი კობახიძე

მთაvრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების გაღრმავება, რაც საქართველოს ეკონომიკის ზრდას ხელს შეუწყობს.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, მნიშვნელოვანი თემა, რასთან დაკავშირებითაც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, თანამშრომლობა. მივიღეთ ზოგადი დაპირება ჩვენი ჩინელი პარტნიორების მხრიდან, რომ იქნება სრული მხარდაჭერა, სრული ხელშეწყობა ამ მიმართულებით. ინტერესი არის ძალიან დიდი, რომ გაღრმავდეს ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა. ამას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული სტრატეგიული ინტერესების რეალიზებისათვის, რაზეც ძალიან ღიად ვსაუბრობდით ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან. მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს პარტნიორობა და მეგობრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამაზე გვქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრთან, ასევე შანხაის მერთან. ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინური ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროკავშირთან არსებულ ურთიერთობებსა და ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას კი ამბობს, რომ ევროკავშირი ბიუროკრატიული მმართველობის გამო ტრაგიზმშია და იმედს გამოთქვამს, რომ ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან მალე გამოვა. მისივე თქმით, საქართველო დაელოდება როდის შეიცვლება ევროკავშირი.

„ზოგადად, არის ერთი დიდი უსამართლობა, რომელიც ასახულია ამ დოკუმენტში. უამრავი კონკრეტული დამახინჯებული ფაქტებია წარმოდგენილი ამ ანგარიშში, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას, ბუნებრივია, ექნება თავისი შეფასება. ეს დოკუმენტი მთლიანობაში ასახავს იმ ტრაგიკულ მდგომარეობს, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში. ზუსტად ამ ტრაგიკული მდგომარეობის, სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ეკონომიკა თუ იყო მსოფლიო ეკონომიკაში 30%, ახლა ეს არის ჩამოსული17,5%-ამდე. წლიდან წლამდე მცირდება ეს წილი. ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია როგორც ეკონომიკური პრობლემები, ისე პოლიტიკური პრობლემები, რომელიც შექმნილი აქვს დღეს ევროკავშირს, სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მიერ, სუვერენიტეტის დაკარგვის გამო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება. ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს”, – განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციური პარტიების გაუქმების სარჩელთან დაკავშრებით და თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მათ სარჩელს სათანადო არგუმენტებით დაიცავენ.

„ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. ხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა და მისი პოლიტიკური სისტემა ტრიალებს ერთ ჩაკეტილ წრეში. არის კრიმინალური დაჯგუფება, უცხოური აგენტურა, რომელიც ქვეყანას არ აძლევს მოსვენების საშუალებას. ეს არიან ანტიდემოკრატიული, არაკონსტიტუციური ძალები თავისი შინაარსით, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას საკუთარი თავი და ამის მექანიზმს ადგენს საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, კონსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ბოლომდე გამოვიყენებთ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც ამ ნაბიჯის გადადგმა. რომ არ ყოფილიყო ეს აუცილებელი ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რა თქმა უნდა, ამაზე არ წავიდოდით, მაგრამ ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend