ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ორპარტიული წერილით მიმართეს, სადაც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები საქართველოში.
წერილში ვკითხულობთ, რომ ამერიკული პერსონალი საქართველოში ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე, ქართველი ოფიციალური პირების სამიზნედ უსამართლოდ იქცნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტისადმი მიმართვას საფუძვლად უდევს სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომლითაც ის აშშ-ი რევოლუციის წაქეზებაში ადანაშაულებდა.
ამ განცხადებით მამუკა მდინარაძე ამტკიცებდა, რომ ტაილანდში აშშ-ის საელჩო ფინანსურ რესურსს საქართველოში გარკვეული ძალების დაფინანსებაში ხარჯავდა, რომელსაც თავად „რადიკალებად“ მოიხსენიებს.
ამაზე დაყრდნობით ამერიკელი კანონმდებლები მარკო რუბიოსგან მიმართავენ, მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას გარანტიები, რომ USAID-ის, საგარეო სამსახურის ყოფილი თუ აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნება ცილისწამების სამიზნე.
“მოგიწოდებთ, მკაცრად უპასუხოთ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ საშიშ სიცრუეს, რამაც ამერიკის ყოფილი თანამშრომლები საფრთხეში ჩააგდო“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
წერილს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი ავრცელებს, მას ხელს აწერს ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი, როჯერ უიკერი, ჯონ კერტისი და შელდონ უაითჰაუსი,ასევე წარმომადგენელთა პალატის წევრები ჯო უილსონი და სტივ კოენი.
წერილში გამოთქმულია პოზიციაც, რომ მიუხედავად განცხადებებისა, საქართველოს მთავრობას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სერიოზული ნება არ გამოუჩენია.


