ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო მიმართულებით აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2018 წლის იანვარში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლამ, რომელიც ქართული ექსპორტის თითქმის 95%-ს მოიცავს, თამაშის წესები შეცვალა და მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობის მოცულობა. მისივე განცხადებით, საქართველო მზადაა, ითანამშრომლოს ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო დერეფნის საკითხში და ერთ-ერთი საკვანძო როლი ითამაშოს.
„ჩინეთსა და საქართველოს ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავი გახსნა. ერთად წავწიეთ წინ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საერთო მიზნები, განსაკუთრებით სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. საქართველო სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს. ჩვენი თანამშრომლობა კვლავ იძლევა ხელშესახებ შედეგებს ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში, ქმნის ახალ შესაძლებლობებსა და აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანთან ერთად ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა. მთავრობის ცნობითვე, ამ სივრცეში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქვეყნის ისტორიას და კულტურას, უნიკალურ დამწერლობას, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. გასტრონომიულ კუთხეში იმართება ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია და კულტურული ღონისძიებები. საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
საქართველოს მთავრობის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.


