მთავარისაქართველოევროკომისიის ანგარიშის პოლიტიკური შეფასებები თბილისიდან

ევროკომისიის ანგარიშის პოლიტიკური შეფასებები თბილისიდან

„ჩვენ ვაპირებთ უსამართლობის მხილებას, სიმართლით ბრძოლას, ჭეშმარიტების ჩვენებასა და სამართლიანი დამოკიდებულების მიღებას. ვაპირებთ ბოლომდე“, – ამ სიტყვებით დაასრულა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ნოემბრის საღამოს გაკეთებული განცხადება. მან განმარტა, რომ ევროკავშირისკენ სვლას საკუთარი ხედვით აპირებენ. როგორც ევროკავშირში ამბობენ, სწორედ აქ იქმნება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ღირებულებითი აცდენა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ თავისუფალი სასამართლო, ადამიანის უფლებების დაცვა სქესის, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა განსხვავებულობის მიუხედავად, ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის არ დევნა, თავისუფალი მედიის უზრუნველყოფა და ევროკავშირისთვის სხვა ფუნდამენტური ღირებულებები, საქართველოსთვის გაუგებარი მოთხოვნებია და ამით ევროსტრუქტურები ქართველ ხალხზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებენ. არ ეთანხმებიან ევროკომისიის ანგარიშს და ამბობენ, რომ ევროპელი ლიდერები მოძალადეების მხარეს დგანან.

„ჩვენთვის ეს მოსალოდნელი იყო. გრძელდება სიცრუის ტირაჟირება და აბსოლუტურად უარგუმენტო ბრალდებები, რომლებიც ზუსტად იმ დღიდან დაიწყო, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა. საზოგადოებას მინდა ძალიან მკაფიოდ ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ გადის არც ურსულა ფონ დელ ლაინზე, არც ქალბატონ კალასსა და არც ქალბატონ კოსზე. ეს არის ღირებულებები, რის გამოც ჩვენ ევროკავშირისკენ მივისწრაფვით. დღეს ამ ევრობიუროკრატების ხელში, რომლებიც პირდაპირ „დიფ სთეითის” ხელდასხმულები არიან, ევროკავშირი ღირებულებებს დაცილებულია.

ჩვენ იმედის ვიტოვებთ და გვჯერა, რომ 5 წელიწადში, 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირის გაფართოება ოფიციალურად არის დაანონსებული, სიტუაცია რადიკალურად შეცვლილი იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირში რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე გამოღვიძება დაწყებულია. დანარჩენი ქვეყნებისთვის საქართველო და ქართველი ხალხი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა შენი ქვეყნის სუვერენიტეტი. შესაბამისად, ჩვენ ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის, რომ 2030 წელს ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიყოთ იმისთვის, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა.

თუ „ქართული ოცნებისთვის“ გაუგებარი და მიუღებელია ევროკავშირიდან წამოსული კრიტიკა და შენიშვნები, ბოლო წლებში მიღებულ რეპრესიულად შეფასებულ კანონებთან დაკავშირებით, ეს დავა გასაგებია ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. მათი აზრით, ძალა, რომელიც ახლა საქართველოს ხელისუფლებაშია, ბარიერი გახდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

„2025 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიში იყო, სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯი, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც კანდიდატი წევრების მიმართ ყველაზე უარესი შეფასება ჩვენ მივიღეთ. ეს არის „ოცნების” მხრიდან იმ არადემოკრატიული და ძალადობრივი ქმედებების შედეგი, რასაც ბოლო წლებია, „ქართული ოცნება” ახორციელებს. განსაკუთრებით, ეს კატასტროფულია. სამწუხაროდ, ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნება” იქცა ბარიერად და ის საკუთარი ძალაუფლების, ასევე კორუფციულო გზით ხალხისთვის მოპარული ფულის დაცვის მიზნით, მზად არის, ფეხქვეშ გათელოს ქართველი ხალხის ინტერესი და იმოქმედოს ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ“, – აცხადებს „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი, გიგა ფარულავა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების წლიური შეფასება არაერთ მიმართულებასა და კომპონენტს მოიცავს, რომლითაც ბრიუსელი თბილისის მზაობას აფასებს, გახდეს ევროკავშირის წევრი. თუმცა ამ წლის ანგარიშში არა წინსვლაზე, არამედ მკვეთრ უკუსვლაზეა საუბარი, რომელსაც ადრესატი „ქართული ოცნების“ გუნდი არ იზიარებს და ღირებულებით რეგრესში თავად ევროკავშირს ადანაშაულებს. როგორც ევროკავშირში აცხადებენ საქართველოსთვის მინიჭებული „კანდიდატის სტატუსი“ ახლა მხოლოდ ფურცელზეა დარჩენილი.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend