ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელა და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობას ინარჩუნებენ. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვენესუელასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის ფონზე.
ამერიკამ სამხედრო გემები განალაგა სამხრეთ ამერიკის ქვეყნის წყლებში. ვენესუელისა და რუსეთის მთავრობებმა თანამშრომლობის მრავალმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ვაჭრობის, ენერგეტიკის, განათლების, სამხედრო, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის დაზვერვასა და კონტრდაზვერვას მოიცავს.
„რუსეთის მთავრობასთან ჩვენ მუდმივი, ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ყველა საკითხთან დაკავშირებით. განვითარებისთვის ბევრ საკითხზე ვმუშაობთ. გასულ კვირას, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს, კვირას, ასევე ორშაბათს, ძალიან დადებითი სიახლეები გვქონდა სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენ 25 წლიანი სამხედრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. რუსეთში უამრავმა კადეტმა და ოფიცერმა გაიარა წვრთნები. უამრავი რუსი ოფიცერი კი მუდამ ჩამოდის ვენესუელაში, ვისთანაც ჩვენ მშვიდი და ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს. ეს გაგრძელდება”, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.
ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის უგო ჩავესის მსგავსად, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის პოლიტიკა აირჩია.


