მთავარისაქართველოშალვა პაპუაშვილი: „თუ ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ბრიუსელის დღევანდელი მმართველი სტრუქტურებია“

შალვა პაპუაშვილი: „თუ ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ბრიუსელის დღევანდელი მმართველი სტრუქტურებია“

ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწვავედ გამოეხმაურა.

სპეციალურ პრესკონფერენციაზე პაპუაშვილმა ბრიუსელი რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ანგარიში წარმოადგენს მიკერძოებულ და უსამართლო დოკუმენტს, რომელიც არ ასახავს საქართველოს რეალობას.

პაპუაშვილმა საუბარი 4 ოქტომბრის მოვლენების გახსენებით დაიწყო, როცა, მისი შეფასებით, „რადიკალურმა ჯგუფებმა, ბრიუსელის ზოგიერთი წარმომადგენლის მხარდაჭერით“, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი მიიტანეს.

„ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა სისხლისღვრასა და წარსულში დაბრუნებას,“ – განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორების მხრიდან ასეთი შემთხვევებისადმი მკაფიო რეაქციის არარსებობა საგანგაშოა.

„კარგი იქნებოდა დღეს მაინც მოგესმინა ბრიუსელის მკაფიო პოზიცია საქართველოში რადიკალურ ჯგუფებზე, ხეებისფლების დამხობაზე, რომლებიც თავად ბრიუსელთან მიდიან უარგუმენტოდ,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის თქმით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში „ორგანულად აერთიანებს გაცვეთილ ბრალდებებს, სიცრუეს და მტრულ პოლიტიკას“. მისი შეფასებით, დოკუმენტი წარმოადგენს „ბრიუსელის კაბინეტებიდან დანახულ საქართველოს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ ქვეყანასთან“.

„ეს ანგარიში ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ეპყრობა ევროპული ბიუროკრატია საქართველოს სახელმწიფოსა და მის ხალხს. ის სავსეა სუბიექტური შეფასებებით და მიზნად ისახავს ქვეყნის დისკრედიტაციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციები თავად განიცდიან დემოკრატიულ უკუსვლას:
„თუ ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ბრიუსელის დღევანდელი მმართველი სტრუქტურებია. ევროკავშირი ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს დიალოგს და შორდება საკუთარ საწყის ღირებულებებს,“ – თქვა მან.

პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, საქართველო ჩააბას უფრო ღრმა კონფლიქტში რუსეთთან და ამ მიზნით იყენებს ზეწოლისა და შანტაჟის მეთოდებს.

„დღეს ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველოს ხალხმა ხელი აიქნიოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რათა ევროკავშირში არ მიიღონ ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება მათ ნებას,“ – თქვა მან.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ასეთ ზეწოლას არ დაემორჩილება და ევროინტეგრაციის კურსს გააგრძელებს:

„შანტაჟი და ზეწოლა არ გამოვა. საქართველო გააგრძელებს მზადებას ევროკავშირში წევრობისთვის – არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც დღევანდელი ბიუროკრატია შინაარსისგან ცლის, არამედ იმ ევროპისათვის, რომლის საძირკველიც არის თავისუფლება, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა.“

პრესკონფერენციის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება უსამართლობის მხილებას და სიმართლისთვის ბრძოლას გააგრძელებს “ბოლომდე”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend