მედიის ადვოკატირების კოალიციამ, სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, ერთობლივი ბრიფინგი გამართა, რომელზეც საქართველოში არსებული მედიაგარემო შეაფასეს.
მედიის მკვლევრების განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონებისა და გატარებული პოლიტიკის წყალობით, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის რაოდენობა სულ უფრო მცირდება და რაც რჩება, მათაც მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საზoგადოებას კიდევ ერთელ შეახსენეს, თუ რა მძიმე პირობებში მოუწევთ ცხოვრება, თუ დამოუკიდებელ მედიას “ქართული ოცნება” საბოლოოდ გააქრობს და ქვეყანაში კრიტიკული სიტყვა აღარ გაისმება.
გთავაზობთ განცხადებას:
„დღეს, რასაც ვხედავთ, „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ახორციელებს უკანონო ქმედებებს, რომელიც მიმართულია როგორც უშუალოდ, ინდივიდუალურად დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების, პროფესიონალი ჟურნალისტების წინააღმდეგ, ასევე საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს მიმართულია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ მათ არ მიეცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ქვეყანას აწუხებს. ქართული მედია გარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკაა, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული აზრის ჩახშობას და მოქალაქეებისთვის სიტყვისა და გამოხატვის შესაძლებლობის წართმევას.
ორ დღის წინ მსოფლიო აღნიშნავდა მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის დასრულების დღეს, თუმცა საქართველოში კვლავ ასეულობით შემთხვევაა, სადაც დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმები, უკანონო პატიმრობა, დაშინება და მუქარა გამოუძიებელი რჩება. უფრო მეტიც – ყოველდღიურად ვხედავთ ჟურნალისტთა უფლებების უხეშ დარღვევებს.
გუშინ ჩვენი კოლეგა და მეგობარი ნინია კაკაბაძე დააკავეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას – ეს არის მორიგი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი ხმის ჩახშობას. ჩემს გვერდით იმყოფება ვასილ ივანოვ ჩიქოვანი, რომელიც სხვა ჟურნალისტებთან ერთად რეჟიმმა უკანონოდ დააპატიმრა და პატიმრობა მიუსაჯა. სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი დღემდე ციხეშია. მზიას უკანონო პატიმრობა საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთი ჯილდოთი და აღიარებით შეაფასა, როგორც კიდევ ერთი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე საქართველოში.
ბიძინა ივანიშვილი სრულიად დამსახურებულად შეიყვანეს „მედიის მტაცებლების სიაში“. ის მოხვდა ისეთი ავტორიტარი ლიდერების გვერდით, როგორებიც არიან პუტინი, ლუკაშენკო და მადურო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მძიმე და შეზღუდულია მედიის გარემო საქართველოში. არ უნდა დავივიწყოთ ის რეპრესიული კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დარტყმას. სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და „ქართული ოცნების“ სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება – მათ შორის კომუნიკაციების კომისია და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
უკანასკნელი ემსახურება მოძალადე რეჟიმს, ავრცელებს პროპაგანდას, დევნის პროფესიონალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და ახალისებს მედიის შიგნით შუღლსა და რეპრესიებს საკუთარი მოქმედი თუ ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ.
ჩვენ გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტთან, ვინც ამ მძიმე პირობებში აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და მაინც ახერხებს საზოგადოების ინფორმირებას“,- განაცხადეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

