მთავარისაქართველო„საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროინტეგრაციასთან, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას“ - ამბობს...

„საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროინტეგრაციასთან, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას“ – ამბობს პაველ ჰერჩინსკი

ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, თბილისში განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც.

მისი თქმით, „ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის“:

„საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა… ბოლო 12 თვის განმავლობაში, გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე კომისიის რეკომენდაციაში გაწერილ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სერიოზული უკუსვლა დაფიქსირდა… ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვები. ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული…“

დიპლომატის განცხადებით, დემოკრატიული სტანდარტებისა და ინსტიტუციური რეფორმების გაუარესება გამოიწვია საკანონმდებლო ცვლილებებმა:

„საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული მტრული ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები მიზნად ისახავს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოთხრას.

წამყვანი ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განცხადებასთან ერთად, წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე, დემოკრატიულ პლურალიზმზე.

დღევანდელ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი ევროკავშირის სტანდარტების ტექნიკურ ნაწილებში მნიშვნელოვნად შენელდა…“

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, თბილისისთვის ევროკავშირის კარი კვლავ ღია რჩება და ევრობლოკში ინტეგრაცია ეფუძნება „ქვეყნების ნებაყოფლობით განაცხადს“:

„ევროკავშირის გაფართოება იმ ქვეყნების ნებაყოფლობით განაცხადს ეფუძნება, რომელთაც გაწევრება სურთ. ამის შემდეგ გადაწყვეტილება თავად ევროკავშირმა უნდა მიიღოს, განაცხადთან დაკავშირებით. როგორც ევროკავშირმა, ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. 2023 წლის დეკემბერში, ჩემი პროფესიული კარიერის ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ დღეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა…

გაფართოების ანგარიშში მოცემული შეფასება აბსოლუტურად მკაფიოა: დემოკრატიული რეგრესის, ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ ტირაჟირებული ანტიევროპული დეზინფორმაციისა და ევროკავშირის ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპების შერყევის გამო, საქართველოს არ გააჩნია ევროკავშირში გაწევრების რეალური პერსპექტივა არც 2030 წელს და არც მომდევნო პერიოდში“.

ბრიფინგის დაწყებამდე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიში გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend