სომხეთის რესპუბლიკას უახლოეს დღეებში ევროკავშირისგან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ოფიციალურად გადაეცემა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარქსიანმა განაცხადა.
სომხეთის პარლამენტში მიგრაციისა და მოქალაქეობის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას მინისტრმა დაადასტურა, რომ ერევანი ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. სომხური მედია წერს, რომ ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გადადგან, მათ შორის ის რეფორმებიც, რომლებზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება. სომხეთი უკვე მუშაობს ბიომეტრიულ სისტემაზე, რომელიც ვიზების ლიბერალიზაციის პროცესისთვისაა აუცილებელი.
ერევნის პროგნოზით, ამ მხრივ საჭირო სამუშაო 2026 წლის პირველი ნახევრისთვის უნდა შესრულდეს, წლის მეორე ნახევრისთვის კი ქვეყანა ბიომეტრიული პასპორტებისა და აიდი ბარათების წარმოებას დაიწყებს. ერევანმა და ბრიუსელმა ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი 2024 წლის სექტემბერში დაიწყეს, რაც სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უვიზოდ მიმოსვლას ითვალისწინებს, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე. ამისათვის კი ქვეყანამ კონკრეტული პრიორიტეტები უნდა დააკმაყოფილოს. სომხეთში აცხადებენ, რომ ამ თარიღის შემდეგ პროცესის წინ წასაწევად მხარეებს შორის შეხვედრებმა აქტიური სახე მიიღო.


