მთავარისაქართველო„გადაიყვანეთ კლინიკაში ანასტასია ზინოვკინა“ - მსჯავრდადებულის მხარდამჭერი აქცია ომბუდსმენის ოფისთან

„გადაიყვანეთ კლინიკაში ანასტასია ზინოვკინა“ – მსჯავრდადებულის მხარდამჭერი აქცია ომბუდსმენის ოფისთან

„გადაიყვანეთ კლინიკაში ანასტასია ზინოვკინა“ – უკვე რამდენიმე დღეა, აქტივისტები ითხოვენ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს ანასტასია ზინოვკინას, რომელიც საპროტესტო აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

მოქალაქეებმა ორშაბათს, 3 ნოემბერს, ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს სახალხო დამცველის ოფისთან და მასთან შეხვედრა მოითხოვეს. ლევან იოსელიანთან შეხვედრა ვერ შედგა, თუმცა მის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ უახლოეს საათებში მათი თანამშრომელი დაკავებულს მოინახულებს. ასევე, მათი თქმით, შეთანხმდნენ, რომ სახალხო დამცველი მოითხოვს, პენიტენციური სამსახურიდან მალე გადაეცეთ დასკვნა ანასტასიას ჯანმრთელობის შესახებ.

საპროტესტო აქციამდე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებენ, თუმცა, მათივე თქმით, მათ მანდატში არ შედის მსჯავრდადებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

შეშფოთება ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაჩნდა მას შემდეგ, რაც მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის ვერ იღებდა შესაბამის მკურნალობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. განცხადებაში საუბარი იყო მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზეც.

ამავე საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგიც გამართეს. მათ ისაუბრეს საპროტესტო აქციებისას დაკავებული რუსეთის მოქალაქეების შესახებ, ანასტასია ზინოვნკინას, არტემ გრიბულისა და ანტონ ჩეჩინის საქმეებზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, კი ანასტასია ზინოვკინას საცხოვრებელი პირობები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და იგი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით. განცხადებაში წერია, რომ დღეის მდგომარეობით, მსჯავრდადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს.

პატიმრის მხარდამჭერები კი იმედოვნებენ, რომ ექიმების დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მალე გასაჯაროვდება და  ახალგაზრდა ქალი შეძლებს სათანადო მკურნალობის მიღებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend