ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერი გამოეხმაურა საქართველოში არსებულ მდგომარეობას და ბოლო დროს მოქალაქეთა დაკავებას.
მისი თქმით, არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდეს საზოგადოებასთან დიალოგის ფორმატს:
„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ჩაიხედოს სარკეში და თვალი გაუსწოროს არსებულ რეალობას. იმას, რომ ისინი ამყარებენ რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ.
თუკი თქვენ დარწმუნებულები ხართ თქვენს დემოკრატიულობაში, არ გჭირდებათ ოპონენტებისა და უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება.
როგორც აქამდეც ითქვა, ჩვენ ვართ ძალადობის ყველანაირი ფორმის წინააღმდეგი, თუმცა მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საზოგადოებასთან და არ მოახდინოს ძალადობის შემდგომი ესკალაცია“.
16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით, წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით. ორ კვირაზე მეტია, სამართალდამცველები აკავებენ მოქალაქეებს ადმინისტრაციული წესით. მათი რიცხვი 100-ს გასცდა.


