4 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, ამავე საკითხში ევროკომისარი მარტა კოსი, 2025 წლის ანგარიშს წარადგენს. ცნობილია, რომ ნოემბერში ევროკავშირი დაამტკიცებს სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალ წესებს ქვეყნებისთვის, რომლებიც უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ, მათ შორისაა საქართველო. მეტიც, ეს საკითხი ევროსტრუქტურებმა, საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ დააყენეს დღის წესრიგში და ამაზე არაერთხელ წევრი ქვეყნების ლიდერების დონეზე იმსჯელეს.
რას უნდა ელოდოს საქართველო ამ ანგარიშიდან, ამაზე პოლიტიკური შეფასებები თბილისში გააქტიურდა.
უვიზოდ მიმოსვლის თემას „ქართული ოცნება“ ხალხის წინააღმდეგ შანტაჟად განიხილავს. ახალი ზომები კი, დიდი ალბათობით, ჯერ მაღალჩინოსნებს შეეხება და არა ხალხს. ამაზე კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს უფრო უარესი ნაბიჯი იქნება.
„ეს კიდევ უფრო უარესი იქნება, თუ ბრიუსელში უვიზოდ მიმოსვლასთან დაკავშირებით ჯგუფს გამოყოფენ. გამოდის, რომ ევროკავშირი სეგრეგაციას მოახდენს ქართველი ხალხის. გამოყოფს რაღაც ჯგუფს, რომელსაც არ დაუწესებს სანქციებს და მეორეს, რომელსაც დაუწესებს. რაც შეეხება, რას ველოდებით ამ ანგარიშიდან. ერთი თვე გადის, როდესაც ევროკომისრები, მათ შორის კომისარი კოსი და კომისარი კალასი, უარს ამბობენ, დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ამიტომ მე მექნებოდა და ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ კომისარი კოსი ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი – მძიმედ. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს არ მოუკითხავს ამ პოლიციელების ბედი და ჯანმრთელობა; არც ევროკავშირის ელჩს და მის ხელმძღვანელებს, კომისარ კოსსა და კომისარ კალასს, არ დაუგმიათ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა.
ამიტომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ვიდრე რამეს იტყვიან საერთოდ საქართველოზე, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, დაგმონ და გაემიჯნონ ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, ვინაიდან, მათ შორის, 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, მათ შორის მედიაორგანიზაციები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, საქართველოს ოფიციალური პირებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ, ევროკავშირმა სავიზო სანქციები უნდა დააწესოს იმ პოლიტიკის გამო, რომელიც მათივე თქმით, საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროკავშირმა არა ქართველი ხალხი, არამედ ხელისუფლებაში დროებით მყოფი პირები უნდა დასაჯოს.
„სწორად და ადეკვატურად არის აღქმული ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა თვითიზოლაციაში ექცევა, თუმცა ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზეც, რომ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა, არაფერი შეეხოს, რადგან ამით ჩვენი ხალხი დაზიანდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიზალიბერალიზაციას შეზღუდვები არ შეეხოს, რადგან ეს ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობაზე პირდაპირ იქონიებს გავლენას. ამით ზიანდება ჩვენი ხალხი. შესაბამისად, ის თუ რომელიმე პოლიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ დიახ, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, არის მავნებლობა, რომელსაც ქართველი ერი არ იმსახურებს და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციაზე არ გავრცელდეს და ჩვენ ხალხს არ შეეხოს”, – განაცხადა „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა.
ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის ანგარიშის დასკვნის შესაბამისად, დეკემბრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შეზღუდვის ახალი საფუძვლები, ვადები და წესები ამ სიკეთით მოსარგებლე 61 ქვეყნისთვის ამოქმედდება, „მესამე ქვეყნებისთვის” – რომელთა მოქალაქეებსაც ყოველი 180 დღის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში, ვიზის გარეშე, 90 დღით დარჩენა შეუძლიათ. თუ სანქციები ამოქმედდა, უვიზო მიმოსვლის სიკეთით, გარდამავალ ეტაპებზე, ვეღარ ისარგებლებენ „ქართული ოცნების” ის თანამდებობის პირები, რომლებმაც, ევროპელების შეფასებით, ქვეყნის განვითარების დემოკრატიის გზიდან გადახვევასა და მოსკოვის გავლენის ქვეშ დაბრუნებაში შეიტანეს წვლილი. სავიზო ლიბერალიზაციის გარდამავალი ეტაპები 3 წლამდე გახანგრძლივდება და თუ შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრა, ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საბოლოოდ გაუქმდება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. საქართველო ამ სიკეთით 2017 წლიდან სარგებლობს.
ავტორი: ალეკო გვეტაძე

