გუშინ ღამით თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს. დაკავებულებს შორისაა 71 წლის აზა ჩილაჩავაც – დევნილი ქალი, რომელიც 22 ოქტომბერს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების შემდეგ გაათავისუფლა.
როგორც მისი ადვოკატი, მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში წერს, აზა ჩილაჩავამ წინასწარი დაკავების იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო.
აქტივისტების ცნობით, აზა ჩილაჩავასთან ერთად გუშინ საპროტესტო აქიცების კიდევ სამი მონაწილე დააკავეს.
დაკავებულებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების მიერ 1 ნოემბერს გავრძელებული ცნობით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში „შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო“, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლება აქციის 29 მონაწილე დააკავეს.
პირველ ნოემბერსვე უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილის, ზურაბ მენთაშაშვილის შესახებ, რომელმაც შსს-ს თანახმად, საპროტესტო აქციაზე გზა განმეორებით გადაკეტა. უწყებისვე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზურაბ მენთეშაშვლი გზის გადაკეტვისთვის 24 ოქტომბერსაც დააკავეს და მას ადმინისტრაციული წესით შვიდ-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
ამჯერად აქციის მონაწილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც შეკრების ან მანიფესტაციის წესის დარღვევას გულისმობს.


