19 წლის ბრიტანელი ქალი ბელა მეი კალი, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს, 3 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების შედეგად, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ქართულმა მართლმსაჯულებამ ის დამნაშავედ ცნო და 5 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მას უკვე გატარებული აქვს პატიმრობაში და სასჯელი მოხდილად ეთვლება. ასევე ბრიტანელი ქალის ოჯახმა საპროცესო შეთანხმების შედეგად, დამატებით 500 000 ლარი გადაიხადა.
ბელა მეი კალი თბილისის აეროპორტში 2025 წლის მაისში დააკავეს. მას ბარგში 12 კილოგრამი მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში აღმოუჩინეს.
„გენერალურ პროკურატურაში გადაწყვიტეს ეს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მათ, ვინაიდან გაითვალისწინეს ბელას პიროვნება და მისი ფინანსურის მდგომარეობაც, გაუფორმდა მას საპროცესო შეთანხმება“, – ამბობს ადვოკატი მალხაზ სალაყაია.
თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობდა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
როგორც მოგვიანებით ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის მსხვერპლია, მან არც კი იცოდა სად მიემგზავრებოდა და ამის გაკეთება ტაილანდში გაცნობილმა ბანდამ აიძულა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად 19 წლის ბრიტანელი ქალი 35 კვირის ორსულია.


