გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ III-ის ძმას, ენდრიუს ჩამოერთვა პრინცის ტიტული და იგი დატოვებს სამეფო სასახლეს. ამიერიდან იგი მოიხსენიება როგორც ენდრიუ მაუნთბეტენ უინძორი, ტიტულის გარეშე.
ბაკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მეფემ დღეს დაიწყო ოფიციალური პროცედურა პრინცი ენდრიუს ტიტულებისა და წოდებების ჩამორთმევის შესახებ“~.
განცხადების თანახმად, ენდრიუს უკვე გაეგზავნა შეტყობინება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც ის დატოვებს უინძორის სამეფო რეზიდენციას და გადავა კერძო საცხოვრებელში.
სასახლე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ზომები მიღებულ იქნა იმის მიუხედავად, რომ ენდრიუ კვლავ უარყოფს მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს, ხოლო მონარქია გამოხატავს მხარდაჭერას „ნებისმიერი და ყველა ფორმის ძალადობის მსხვერპლთა მიმართ“.

ბოლო თვეების განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში სულ უფრო იზრდებოდა საზოგადოებრივი და მედიის ზეწოლა მეფის ძმის საქმეებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მისი კავშირების გამო ამერიკელ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან.
ეპშტეინს 2019 წელს წაუყენეს ბრალდება არასრულწლოვანთა სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში, ხოლო იმავე წელს იგი ციხეში გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით – თვითმკვლელობით.
ენდრიუ წლების განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მასთან ურთიერთობა მხოლოდ ზედაპირული ხასიათის იყო, თუმცა ამ წლის დასაწყისში გავრცელებული ახალი ელფოსტა ცხადყოფდა, რომ მათი კონტაქტი გაცილებით ხანგრძლივი და უფრო ახლო იყო, ვიდრე თავად ენდრიუ მანამდე აღიარებდა.
სწორედ ამ გარემოებამ განაახლა სკანდალი და კიდევ უფრო გაამძაფრა კრიტიკა როგორც საზოგადოების, ისე პოლიტიკოსების მხრიდან.

სკანდალს დამატებით ბიძგი მისცა ვირჯინია ჯუფრეს გარდაცვალების შემდეგ გამოცემულმა მემუარმა, რომელშიც იგი დეტალურად აღწერს, თუ როგორ გახდა 17 წლის ასაკში ენდრიუს მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.
მემუარის გამოქვეყნების შემდეგ ბრიტანულ პრესასა და საზოგადოებრივ დისკუსიებში კვლავ წამოიჭრა კითხვები სამეფო ოჯახის პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობაზე. ბევრმა ეს ნაბიჯი, ენდრიუს ტიტულების ჩამორთმევა და სასახლიდან გაძევება, აღიქვა როგორც მეფე ჩარლზის მცდელობა, დაეცვა მონარქიის ინსტიტუტის ღირსება და დაემტკიცებინა, რომ სამეფო ოჯახი აღარ დაიცავს წევრებს, რომელთა სახელი დაკავშირებულია სექსუალური ხასიათის სკანდალებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ კვლავ ამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას და უარყოფს მის წინააღმდეგ წამოყენებულ ყველა ბრალდებას, მეფის გადაწყვეტილება საბოლოოდ ამყარებს მის ფაქტობრივ გამორიცხვას სამეფო ოჯახის ოფიციალური საქმიანობიდან.
ექსპერტების შეფასებით, ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც ხაზს უსვამს ჩარლზ III-ის მზარდ სურვილს, განაახლოს და „გაწმინდოს“ მონარქიის იმიჯი თანამედროვე ეპოქაში.


