კატეგორიები

რუსეთს BREXIT-ის რეფერენდუმზე გავლენა ჰქონდა - ამბობს ბრიტანეთის პრემიერი

რუსეთს BREXIT-ის რეფერენდუმზე გავლენა ჰქონდა - ამბობს ბრიტანეთის პრემიერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, 2016 წელს რუსეთი ნამდვილად ერეოდა რეფერენდუმში, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის საკითხს უკავშირდებოდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს კონკრეტული დეტალების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ კენჭისყრის შედეგებზე მოსკოვს „სერიოზული გავლენა“ ჰქონდა და, როგორც ის უწოდებს, ეს იყო კრემლის „კიდევ ერთი უხეში მცდელობა, შეერყია ბრიტანელი ხალხის ლეგიტიმური გადაწყვეტილების უფლება“.

გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ხელმძღვანელის განმარტებით, იმ მეთოდებს, რაც მოსკოვმა ლონდონის წინააღმდეგ გამოიყენა, ახლა იყენებს ბერლინისა და პარიზის წინააღმდეგაც, სადაც ძლიერდება პრორუსული პოლიტიკა და იდეოლოგია, განსაკუთრებით 2027 წელს დაგეგმილი გადამწყვეტი არჩევნების წინ.

როგორც ბერნემი ამბობს, საკითხის შესახებ ინფორმირებულია ბუნდესკანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელსაც ის გასულ კვირაში შეხვდა და უთხრა, რომ რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია, „უეჭველად“ მოქმედებს გერმანულ პოლიტიკაზე. მისივე თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მკაფიოდ დაფიქსირდეს ფაქტები“, რათა მოსკოვმა ვერ შეძლოს დასახული პოლიტიკური მიზნის მიღწევა.

საგულისხმოა, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვის და უსაფრთხოების კომიტეტმა 2020 წელს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეხებოდა რუსეთის შესაძლო ჩარევას 2016 წლის რეფერენდუმსა და 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მოხსენებაში არ იყო ცალსახა დასკვნა რეფერენდუმზე გავლენის მცდელობის შესახებ, თუმცა საფრთხის არასრულყოფილად შეფასებისა და არსებულ რისკებზე არასათანადო წინააღმდეგობის გამო, იმ პერიოდის მთავრობები კრიტიკის სამიზნეებად იქცნენ.

მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოხსენების შინაარსი კატეგორიულად უარყო და მას უწოდა „რუსოფობიის გამოვლინება“. კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის მტკიცებით, მოსკოვი სხვა ქვეყნების არჩევნებში არასდროს არ ერევა.

მიმდინარე წლის სექტემბერში გაეროს გენასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა „სიცრუის, დეზინფორმაციისა და ადამიანურ შიშებზე დაფუძნებული სპეკულაციების გავრცელებაში, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით“. მაშინვე ბერნემმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო შექმნის დეზინფორმაციის „შხამიანი ტალღის შემაკავებელ“ ახალ ცენტრს.

BBC-ის ინფორმაციის გადამოწმების განყოფილებამ ჩაატარა გამოძიება, რომლის ფარგლებშიც რუსეთთან დაკავშირებული, მცდარი ცნობების გამავრცელებელი კამპანიები შეისწავლა, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ ყალბი ვიდეორგოლებისა და სტატიების დასამზადებლად, მოსკოვი ხშირად იყენებს ხელოვნურ ინტელექტსაც. ვიდეომასალის შემთხვევაში, ფიგურირებენ ის ჟურნალისტები ან საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც აქტიურად აშუქებენ უკრაინაში მიმდინარე ომს.

ამასთან, ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ გამოავლინა ვებგვერდი, რომელიც პრორუსულ რიტორიკას ტირაჟირებს და ავრცელებს ცნობებს, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „შეღავათიან ფასად შეისყიდა გაერთიანებული სამეფოს მეფის, კარლ მესამის კუთვნილი სასახლე“.

ენდი ბერნემის განცხადება გააკრიტიკეს ევროკავშირისგან ბრიტანეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა.

აქტივისტების ჯგუფ Britain Unbound-ის ცნობით, უცხოური ჩარევა დაუშვებელია, თუმცა არ არსებობს მყარი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ 2016 წლის რეფერენდუმის შედეგზე გავლენა მოახდინა რუსეთის ჩარევამ და შეურაცხმყოფელია იმის დაშვება, რომ ამომრჩეველი იოლად ტყუვდება.

დაკავშირებული ამბები
რუსეთს BREXIT-ის რეფერენდუმზე გავლენა ჰქონდა - ამბობს ბრიტანეთის პრემიერი დიდი ბრიტანეთის პრემიერი ენდი ბერნემი ბერლინში ფრიდრიხ მერცს შეხვდა