მთავარისაქართველოპრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების რეფორმის საკითხზე შეხვდა ბიზნესასოციაციის წევრ ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს.

პრემიერის განცხადებით, ბიზნესსექტორის დაინტერესება ამ საკითხით გასაგები და მნიშვნელოვანია, რადგან განათლება პირდაპირ კავშირშია დასაქმების ბაზართან. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ რეფორმის ყველა ეტაპზე ბიზნესის წარმომადგენლების მოსაზრებებს მოისმენენ და ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართება.

„ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს. ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბიზნესის მხარდაჭერა. დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით, თანამონაწილეობით.

უმაღლესი განათლების რეფორმას საგანგებო მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის. არსებითად, ქვეყანაში არის ორი დამსაქმებელი – საჯარო და კერძო სექტორი. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობაც მნიშვნელოვანია. დეფიციტი არის ბევრი მიმართულებით. არის დისციპლინები, სადაც ჭარბად იღებენ სტუდენტებს და არის დისციპლინები, სადაც არის ძალიან სერიოზული დეფიციტი.

შრომის ბაზარზე არის ბევრად მაღალი მოთხოვნა, თან არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა, სამწუხაროდ, სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებს. ჩვენ გვინდა, რომ სწორად დავაბალანსოთ ეს საკითხი და მაქსიმალურად შრომით ბაზარზე მორგებით გადავანაწილოთ კვოტები დისციპლინებისა და უნივერსიტეტების მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend