მთავარისაქართველოირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას აქვს მიზანი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების სამეულში...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას აქვს მიზანი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების სამეულში მოხვდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ სხდომაზე ქვეყანაში ბოლო 9 თვის განმავლობაში მიღწეული ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა.

“პირველი სამი კვარტლის, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა პროგნოზი 7.2%-მდე, თუმცა ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც სავალუტო ფონდის პროგნოზს გადაჭარბებით შევასრულებთ. ამ ტემპის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით. ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდა იძლევა ასევე ვალუტის კურსის მყარად შენარჩუნების შესაძლებლობას. მოხარული ვართ, რომ წელს სავალუტო რეზერვები უკვე გაიზარდა 5.6 მლრდ დოლარამდე, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი”.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში კორუფციის აღმოსაფხვრელად და თქვა, რომ მთავრობას აქვს მიზანი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების სამეულში მოხვდეს.

“არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად. მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის შესაბამისად, თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს მანკიერების, ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ მოგვმართონ კითხვებით და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის ქვეყნის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა”

აგრეთვე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რამდენიმე ინიციატივაზე, ერთ-ერთია ქვეყნის განვითარების 10 წლიანი სტრატეგიის შემუშავება.

“გვინდა, რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით ეს უნდა იყოს ლაკონიური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული მიზნები და ამოცანები და სადაც იქნება შემდეგ გაწერილი ამ მიზნებისა და ამოცანების შესრულების ვადები. რა თქმა უნდა, მეტი დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულება. გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი და ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend