საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციების ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ერთი მხრივ, ევროკავშირი თბილისს სანქციების დაცვის გამო აქებს, მეორე მხრივ კი აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველო ხელს არ უშლის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
„საქართველოს ხელისუფლებამ იმდენად ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შეიმუშავა, რომ არათუ საყვედური არ გვსმენია მათგან, შექების მრავალი შემთხვევა და ახლა ოფიციალური წერილიც იყო. ეს ერთი მეა ბრიუსელის. ბრიუსელის მეორე მე კი გრანტს აძლევს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ – „ენჯეოს“, რომელიც ზუსტად იმით არის დაკავებული, რომ დააბრალოს საქართველოს, თითქოს მისი ხელისუფლება სანქციებისთვის გვერდის ავლას უზრუნველყოფს. ამ დეზინფორმაციის გავრცელებას აფინანსებს ბრიუსელი. ამიტომ გვაინტერესებს, რა ხდება. უნდა ჩამოყალიბდეს ბრიუსელი, რომელი მე საუბრობს მასში. არის საქართველო სანქციების დაცვის მხრივ შესაქები ქვეყანა? და თუ ასეა, რატომ აფინანსებენ ბრიუსელიდან პირდაპირ დეზინფორმაციას საქართველოს წინააღმდეგ? ასე რომ, ეს გვაჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციური პარტიების ნაწილის აკრძალვასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამით ქართული პოლიტიკა მავნებლებისგან გაიწმინდება.
„ივლისში უკვე უნდა იყოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, როდის რა პროცესი იქნება, საკონსტიტუციო სასამართლო თავად განსაზღვრავს ამ პროცედურებს და ჩვენ დაველოდებით, როდის დაგვიძახებს”.
საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს იმ საკონსტიტუციო სარჩელის განსახილველად, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ ერთობლივად მოამზადეს. კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

