მთავარიამერიკაბრაზილიარიოს ღარიბ უბანში მასშტაბურ რეიდს 132 ადამიანი ემსხვერპლა

რიოს ღარიბ უბანში მასშტაბურ რეიდს 132 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის პოლიცია აცხადებს, რომ რიო-დე-ჟანეიროში ცნობილი ნარკობანდის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია.

სამშაბათს, 28 ოქტომბერს, 2500 პოლიციელისა და ჯარისკაცის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რომელმაც ქალაქის ორ ღარიბ უბანში შეტაკებები გამოიწვია, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ოთხშაბათს, 29 ოქტომბერს, პენჰას უბანში, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს – აქციისას მათ წრეში მოაქციეს დაღუპულთა ცხედრები.

„ეს ხოცვა-ჟლეტაა, უსამართლობაა…” – ყვიროდნენ მოქალაქეები.

ბრაზილიაში ჩატარებულმა ოპერაციამ, რომელიც ოფიციალური პირების მტკიცებით, ნარკოტიკებით მოვაჭრე შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ იყო მიმართული, კითხვები გააჩინა საერთაშორისო საზოგადოებაშიც.

გაეროს ადამიანის უფლებათა პრესსპიკერმა მარტა ჰურტადომ განაცხადა, რომ არსებობს ოპერაციების გრძელი სია, რომელიც მრავალი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა.

„აბსოლუტურად გვესმის ის სირთულეები, რაც შეიძლება წარმოიშვას ძალადობრივ და კარგად ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ბრძოლისას. თუმცა ბრაზილიამ უნდა შეწყვიტოს უკიდურესი სისასტიკის ციკლი და უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციები შეესაბამებოდეს ძალის გამოყენების საერთაშორისო სტანდარტებს“, – თქვა მარტა ჰურტადომ.

სისასტიკეს რიოს შტატის მთავრობა კომანდო ვერმელიოს წინააღმდეგობით ხსნის. მათივე ცნობით, კრიმინალებმა სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, მათ შორის დრონები.

„კომანდო ვერმელიო“ , რომლის წინააღმდეგაც ბრაზილიის მთავრობამ ჯარი და ჯავშანტექნიკა გამოიყენა, ქვეყნის უძველესი აქტიური კრიმინალური ორგანიზაციაა. მისი სახელწოდება „წითელ სარდლობას“ ნიშნავს, ეს მინიშნებაა მის წარმოშობაზე, როგორც მემარცხენე პატიმრების ორგანიზაციაზე, ჩამოყალიბდა სამხედრო დიქტატურის დროს, რომელიც ბრაზილიას 1985 წლამდე მართავდა.

მას შემდეგ „წითელი სარდლობა“ გახდა ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც დღემდე ნარკოტიკებით ვაჭრობასა და გამოძალვაშია ჩართული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend