ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მიმართა იმის განსახილველად, კონსტიტუციურია თუ არა ვენესუელის მოქალაქეობის ჩამორთმევა იმ პირებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ან შეუერთდებიან ვენესუელისთვის სამხედრო ინტერვენციის მიწოდებას.
„130-ე მუხლის საფუძველზე უზენაეს სასამართლოში წარვადგინე საკონსტიტუციო განხილვა, რათა უზენაესმა სასამართლომ უფლებამოსილება მოგვცეს, დავიწყოთ სამართალწარმოება იმ მოღალატეების წინააღმდეგ, რომლებიც ვენესუელაში შეჭრის მიზნით უცხო ქვეყნის იმპერიალისტურ არმიას შეუერთდებიან. მათ ჩამოვართმევთ მოქალაქეობას, დოკუმენტებსა და ყველაფერს, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად. ეს კანონიერი ქმედება იქნება“, – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ.
ვენესუელის კონსტიტუციის 130-ე მუხლის თანახმად, ქვეყნის მოქალაქეებს „ევალებათ პატივი სცენ და დაიცვან სამშობლო, მისი სიმბოლოები და კულტურული ღირებულებები; დაიცვან ერის სუვერენიტეტი, მოქალაქეობა, ტერიტორიული მთლიანობა, თვითგამორკვევა და ინტერესები”.
ნიკოლას მადურომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა Telegram-ის საკუთარ ანგარიშზე განაცხადა, რომ მადურომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ოპოზიციონერმა ლეოპოლდო ლოპესმა აშშ-ის სამხედრო გემების კარიბის ზღვის აუზში, ვენესუელის მახლობლად განლაგებას მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა.

