სერბეთში ათასობით დემონსტრანტი ორდღიან საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა. მარში სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან დაიწყო და ქალაქ ნოვი სადში დასრულდება, სადაც დემონსტრანტები შეუერთდებიან ქალაქში დაგეგმილ მასობრივ აქციას.
მარში, ქალაქ ნოვი სადში 1 ნოემბერს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეძღვნება. ზუსტად ერთი წლის წინ ქალაქში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 მოქალაქე ემსხვერპლა.
„ჩვენ მსვლელობას ვმართავთ პირველ რიგში ჩვენი მორალური ვალდებულების გამო, გვინდა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც რკინიგზის სადგურზე მომხდარ ნგრევას ემსხვერპლნენ. ვფიქრობ პატივის მისაგებად, მსვლელობები ერთგვარ ტრადიციად იქცა. გვინდა გავიაროთ ყველა ადგილი ნოვი სადისკენ მიმავალ გზაზე და შევახსენოთ იქ მაცხოვრებლებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ და ჯერ კიდევ ვცდილობთ, რომ ეს დასასრული არააა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
„ჩვენ ამ გზას გავდივართ, რადგან არცერთი ჩვენი მოთხოვნა ჯერჯერობით არ შესრულებულა, არაფერი შეცვლილა, და ჩვენ იქ მივდივართ იმ იმედით, რომ საბოლოოდ ყველაფერი შეიცვლება“, – ამბობს აქციის მონაწილე მიჰაილო ივანოვიჩი.
90 კილომეტრიანი მარშის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ შაბათს ნოვი-სადში ათიათასობით დემონსტრანტი შეუერთდება აქციას.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სადგურზე მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და კორუფციაში ადანაშაულებენ. დემონსტრანტები პასუხისმგებელთა დასჯას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
„ ყველას ესმის რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ კუთხეში ვართ მიმწყვდეულები და ვკარგავტ ჩვენს ქვეყანას, თუ უკვე არ დავკარგეთ. ეს უკანასკნელი მოწოდებაა, რომ გამოვფხიზლდეთ“,- ამბობს აქციის მონაწილე მილიცა ორლოვიცი
„ ერთი წლის შემდეგაც ბრძოლა არ შემწყდარა, სწორედ ამის საჩვენებლად მივდივართ. მარშზე ველოდებით რაც შეიძლება ბევრ ხალხს, ველით დიდ მხარდაჭერას. ეს იქნება მშვიდობინი პროტესტი”, – ამბობს სტუდენტი ანა მარია სესლია
ერთი წლის განმავლობაში პროტესტის ჩახშობა ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა რამდენჯერმე სცადა. ხელისუფლებამ გაამკაცრა რეგულაციები „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონშიც, თუმცა ერთი წლის შემდეგაც საპროტესტო აქციებს ათი ათასობით მოქალაქე უერთდება.

