მთავარისაქართველოდააკავეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე

დააკავეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე

ფინასნთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია. ის სამინისტროში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო.

ასევე გაჩხრიკეს ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირთა სახლები, სულ კი უწყების ცნობით, ჩხრეკა 20 ობიექტზე ჩატარდა.

ფონდთან დაკავშირებით უკვე არაერთი მაღალჩინოსანია პასუხისგებაში მიცემული. საქმე ეხება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს.

საქმის დეტალებზე ფინანსთა სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ ისაუბრა:

“როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულები იყვნენ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.

საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.

გამოძიების მასალების მიხედვით, შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-იდან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

აღნიშნულ და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვაგრძელებთ ინტენსიურ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს რათა უზრუნველყოფილი იქნას კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა მხილება, პასუხისგებაში მიცემა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენცია“, – განაცხადა ია ახალაიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend