მთავარისაქართველოახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები ჩატარდა

ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები ჩატარდა

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 4 ოქტომბერს არჩეული საკრებულოების პირველი სხდომა გაიმართა. 64-ივე საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს. რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები იმუშავებენ.

ცესკოს თავმჯდომარის სიტყვით გაიხსნა მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა თბილისში. გიორგი კალანდარიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2025 წლის მუნიციპალური არჩევნები კონკურენტულ, გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში ჩატარდა.

„ახალი მოწვევის საკრებულო დაკომპლექტდა 50 წევრით – მათ შორის 25 პროპორციული და 25 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული წარმომადგენლებით. თითოეული მანდატი ძალაში შევიდა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე, 29 ოქტომბერს, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძველს საკრებულოს ახალი მოწვევის პირველი სხდომის ჩასატარებლად“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დღესვე ერთხმად აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე. დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს კვლავ ზურაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს. იგი 45 ხმით აირჩიეს სამის წინააღმდეგ. მის წინააღმდეგ ხმა უმცირესობაში მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მისცეს.

ზურაბ აბაშიძემ თანამდებობაზე არჩევნის შემდეგ სიტყვით გამოსვლა მადლობით დაიწყო და „თავდაუზოგავად“ მუშაობის პირობაც დადო. მანვე თქვა, რომ წლევანდელი არჩევნებისთვის გაცემულ დაპირებებს მმართველი პარტია აუცილებლად შეასრულებს.

„ჩვენ თბილისელებს ძალიან ბევრი დაპირება მივეცით და ამ დაპირებების შესასრულებლად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავებთ. დარწმუნებული ვარ, საკრებულოს ახალი შემადგენლობის მუშაობა იქნება პროდუქტიული და ჩვენ, ყველანი ერთად, თბილისისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. მინდა, მივესალმო ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვუსურვო წარმატებები. მინდა მჯეროდეს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. სამწუხაროდ, წინა გამოცდილება არ იყო ასეთი. წინა მოწვევის ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთელი დრო ბოიკოტის რეჟიმში გაატარეს. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ჩვენ ახალი მოწვევის საკრებულოში 45  წევრით ვართ წარმოდგენილი, ოპოზიცია კი – მხოლოდ ხუთით“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოში  „ქართულ ოქნებას“ 50-იდან 45 მანდატი აქვს. დანარჩენი ხუთი მანდატი კი ოპოზიციაზე გადანაწილდა – ორი მანდატი „ლელო – ძლიერ საქართველოს“ ერგო, ორიც  – „გირჩს“, დარჩენილი ერთი კი პარტიას „კონსერვატორები საქართველოსთვის.“ თბილისის საკრებულოში ვერ მოხვდა ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

სხდომის დაწყებამდე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ დეპუტატებმა თქვეს, რომ საკრებულოში საგამოძიებო კომისიების შექმნას მოითხოვნას გეგმავენ, რათა თითოეულ მუნიციპალიტეტში კორუფციის ფაქტები გამოავლინონ და შეისწავლონ.

„ბოლო თვეებმა ცხადად გვაჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული. პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ციხის უფროსის მოადგილე, მათი ახლობლები და მათთან დაკავშირებული პირები – ზოკი უკვე ციხეშია, ზოგი განაჩენს ელოდება, ზოგმაც გაურკვეველ ვითარეებაში თვითმკვლელობა სცადა. კორუფციასთან ბრძოლის გზაზე 57-ივე მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფების, საგამოძიებო კომისიების შექმნა აუცილებელია“, – განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრმა გორის საკრებულოში, ქეთევან თურაზაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. ამ არჩენვებს ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ბოიოტი გამოუცხადა. ცესკოს ოფიციალური შედეგებით კი, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები 64-ივე ოლქში მოიგო. მმართველი პარტიი კანდიდატები გახდნენ მერები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend