მთავარისაქართველო„როგორც კი ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავეხმაროთ მას” -...

„როგორც კი ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავეხმაროთ მას” – მარტა კოსი ევროკავშირის ახალ სტრატეგიაზე საუბრობს

„ევროკავშირს აქვს პასუხისმგებლობა, დაეხმაროს კანდიდატ სახელმწიფოებს ევროპულ გზაზე” – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, მარტა კოსმა ევრონიუსთან განაცხადა. კომისრის განმარტებით, ევროკავშირმა ისწავლა საკუთარ შეცდომაზე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოსთან მიმართებით და ახლა მზადაა, იმოქმედოს უფრო მტკიცედ, იქნება ეს კანდიდატ სახელმწიფოებში ინვესტირებითა თუ  მცდარ ნარატივებთან ბრძოლით.

მარტა კოსი განმარტავს, რომ როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ბლოკის დატოვება გადაწყვიტა, ბრიუსელს მათთვის დარჩენა არც კი უთხოვია და როდესაც საქართველოში რუსული გავლენის მასშტაბის შესახებ ინფორმაცია არსებობდა, ბრიუსელს ქვეყნისთვის დახმარება არ გაუწევია.

„როდესაც დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა რეფერენდუმის ჩატარება, ევროკავშირის მიდგომა მდგომარეობდა იმაში, რომ ეს ბრიტანეთის შიდა საქმეებს ეხებოდა და ჩვენ მასში ვერ ჩავერეოდით, ჩვენ ისიც კი არ გვითქვამს: გთხოვთ, იქნებ დარჩეთ? ჩვენ არ დავეხმარეთ საქართველოს, სადაც უკვე ვიცოდით, რომ იყო დიდი რუსული ჩარევა. როგორც კი ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუს, ისიც ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დავეხმაროთ მას ევროპულ გზაზე”, – აღნიშნა ევროკომისარმა მარტა კოსმა.

ამ გამოცდილებებზე დაყრდნობით, კომისრის თქმით, 2025 წლიდან ევროკავშირი პრაქტიკულად ცვლის საკუთარ მიდგომებს გაფართოების საკითხებსა და სტრატეგიულ კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ამ მხრივ კი ევროკავშირმა მავნე საგარეო  ზეგავლენისგან თავის დასაცავად სერიოზული რესურსი გამოყო, მათ შორის სწრაფი ჰიბრიდული პასუხის გუნდის ჩამოყალიბებით.

კომისრის თქმით, ამ გუნდმა ეფექტურად იმუშავა მოლდოვის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებისას, რაც მისი პირველი წარმატებული გამოცდილება იყო.  მარტა კოსის განმარტებით, რუსეთის დეზინფორმაციული ნარატივებით დიდი ზიანი უკვე მიღებულია, თუმცა ამ ნარატივების დამუშავებისა და შესწავლის შემდეგ ევროკავშირი პირობას დებს, რომ რუსეთზე უკეთესად იმუშავებს. თავად ევროკომისია კანდიდატი ქვეყნების პროგრესის შეფასებას უკვე მომდევნო კვირას წარადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend