მთავარისაქართველოPHR სასამართლოს ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს

PHR სასამართლოს ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მასწავლებლისა და სამოქალაქო აქტივისტის, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლადა გაუარესებულია.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღევანდელ პროცესზე ადვოკატები სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. უფლებადამველებისა და ოჯახის წევრების ცნობით, დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინოს დაეწყო ხერხემლისა და კიდურების ტკივილი, რის გამოც, 2025 წლის 8 და 17 სექტემბერს, ვეღარ შეძლო თავის სასამართლო პროცესებზე დასწრება.

„დღევანდელი მდგომარეობით, ნინო დათაშვილს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, პრიორიტეტულად გასაკეთებელია კისრის მალების ოპერაცია. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ან გაათავისუფლოს ის პატიმრობიდან“, – წერია PHR-ის განცხადებაში.

ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად დამძიმებაზე საუბრობს მისი მეუღლე, გოდერძი ფრუიძეც. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნინო დათაშვილი ვეღარ ადის პაემნების ოთახში არსებულ კიბეზე და ამის გამო, შეხვედრები პირველ სართულზე, ნახევრად ღია დერეფანში იმართება.

„ეს ბოლო სამი პაემანია, ნინო ვერ ამოდის პაემნების ოთახში კიბეებზე მეორე სართულზე და ამიტომ შეხვედრა გვაქვს პირველ სართულზე, ლოქერებიან ნახევრად კორიდორში, სადაც პერიოდულად გადი-გამოდიან თანამშრომლები და შეაქვთ/გამოაქვთ გზავნილები. ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით და ოთახში, სადაც უნდა მენახა, ძლივს ავიყვანეთ (კიბის ერთ საფეხურზეა ფეხი ასაწევი). სკამზე დასმაც გაგვიჭირდა, რომ მისთვის ტკივილები კიდევ უფრო არ გაგვემძაფრებინა“, – წერს გოდერძი ფრუიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკზე.

დღესვე ნინო დათაშვილითვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადებას შეტანას გეგმავს საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.

ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამო, 20 ივნისს დააკავეს. მას გამოძიება სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავება. ნინო თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. ადვოკატების პოზიციის თნახმად, საგამოძიებო უწყება ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა იყოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე გამოყენებული, ბრალდებული მასწავლებლის მიმართ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend