მთავარისაქართველოპარლამენტის სარჩელი პარტიების აკრძალვაზე სრულად მზადაა

პარლამენტის სარჩელი პარტიების აკრძალვაზე სრულად მზადაა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაადასტურა „ქართული ოცნების” იმ 88 დეპუტატის ხელმოწერა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას ოპოზიციური პარტიების ნაწილის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად შევა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ის პარტიები, რომლებიც მათ სიაშია, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას წლების განმავლობაში ახორციელებდნენ.

„კრიმინალები, რომლებიც პოლიტიკურ მანტიაში იყვნენ გახვეულნი მუდმივად ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის არევას. კონსტიტუციის 23-ე მუხლის შესაბამისად, ყველა ის პარტია, რომელიც შუღლს, ომის პროპაგანდას, ძალადობას პროპაგანდირებს და ეწევა, პოლიტიკურ საქმიანობაში მათი ადგილი არ არის. იყო გადაწყვეტილება მიღებული შესრულებულიყო დანაპირები. აუცილებლად შევა კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს იქნება გამაჯანსაღებელი ჩვენი პოლიტიკური ველის, რამეთუ ჯანსაღი ოპოზიციის გაჩენა არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისთვის“, – განაცხადა „ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება ასაკრძალ პარტიათა სიაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციების შეფასებებს, ისინი მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება” დიქტატურის კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, რის საშუალებასაც არ მისცემენ.

„„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 წლის განმავლობაში ებრძვის. ყოველ წელს ისინი ჰპირდებოდნენ თავიანთ ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ რადარებიდან გაქრობას. მათ ვერ მოკლეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა, იდეა პატრიოტიზმის, წარმატებული ქართული  სახელმწიფოს, ევროპული საქართველოს. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც არჩევნების გზით, დემოკრატიული პროცესის გზით ისინი ამ იდეას ვერ ამარცხებენ, მათ მოუწიათ რუსულ სტილში ბრუტალური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

უმრავლესობის დეპუტატები სარჩელს ხელს მოაწერენ და ყველამ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაფრის განმხილველი და ობიექტური მართლმსაჯულების დამდგენი არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ იმასაც კი მიაღწია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შემადგენლობას სრულად აკონტროლებენ, ორი მოსამართლის გარდა. ბუნებრივია, ამ პროცესს ისინი დაასრულებენ, ეს არის მათი რუსული დავალება, ეს ჯერ კიდევ 2024 წელს ივანიშვილმა დააანონსა, თუ არ ვცდები 29 აპრილს, როდესაც დიდი მიტინგი ჩაატარეს. ისინი შეეცდებიან, ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში. ევროსასამართლოს პრაქტიკა და არგუმენტები არის ცალსახად ჩვენს სასარგებლოდ, პარტიების გაუქმების საკმაოდ მაღალი სტანდარტი არსებობს ევროსასამართლოში, ამიტომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.

„ქართული ოცნების” კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend