ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმაში ბრალდებულ მასწავლებელს 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურორმა სხდომათა დარბაზში ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა იშუამდგომლა.
პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პროკურატურამ შესაბამისი განცხადება გაავრცელა.
„როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დღევანდელ სხდომაზე ნინო დათაშვილის გათავისუფლებისა და მისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა უნდა ეშუამდგომლა დაცვის მხარესაც. ამის შესახებ ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა სხდომის დაწყებამდეც განაცხადეს.
„მას გადაადგილება არ შეუძლია, ვერ ამოძრავებს კისერს და კიდურებს. თითოეული დღე მისთვის არის ტკივილისა და ტანჯვის გაძლება”, – განაცხადა ადვოკატმა თამარ გაბოძემ, ვიდრე თბილისის საქალაქო სხდომა დაიწყებოდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობაში მყოფი მასწავლებელი დღეს საკუთარ სხდომაზე არ იმყოფებოდა. ამავე მიზეზით გადაიდო საქმეზე ჩანიშნული წინა ორი სასამართლო განხილვაც. ამჯერად ნინო დათაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო.
ბრალდებული მასწავლებლის ადვოკატები ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას პროკურატურას აკისრებენ. მათი განმარტებით, უწყებას ნინო დათაშვილის დაკავების დღიდან ჰქონდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის პრობლემებისა და იმის შესახებ, რომ პატიმრობაში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდებოდა.
„ვერ ვიტყვი, რომ ეს პროკურატურის საოცარი გადაწყვეტილებაა. 4 თვის განმავლობაში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. დღეს უკვე განვაცხადე, რომ ამაზე პასუხისმგებელი პროკურატურაა, რადგან ის იყო უკანონო, დაუსაბუთებელ პატიმრობაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უბრალოდ არ აძლევდა ადამიანს საშუალებას, რომ პატიმრობაში ყოფილიყო. პატიმრობის პირობებში მისი მდგომარეობა გაუარესდებოდა. ამის შესახებ პროკურატურისთვის 2025 წლის 20 ივნისს უკვე ცნობილი იყო. შესაბამისად, დღეს მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობა დიდი ვერაფერია, რადგან სხვა გზა არ არსებობდა – ნინო დათაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან“, – განაცხადა ადვოკატმა თამარ გაბოძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, რომ ძალიან გაჭირდება პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება. თითქმის გამორიცხულია. ცხადია, მადლობა ადვოკატებსა და საზოგადოებას მხარდაჭერისა და გადაწყვეტილებისთვის, რომელიც პროკურატურასა და სასამართლოს მიაღებინა. ამით საქმე არ მთავრდება. სასამართლო განხილვა გრძელდება. მაგრამ, პირველ რიგში, მთავარია, რომ სასწრაფოდ მოხდეს ნინოს ჯანმრთელობის რეაბილიტაცია და არა რეგრესის გაგრძელება, რაც ჯერჯერობით მიმდინარეობს“, -განაცხადა ნინო დათაშვილის მეუღლემ, გოდერძი ფრუიძემ.
ნინო დათაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლევან იოსელიანი ბრალდებული პედაგოგის პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ, 28 ოქტომბერს, მან სასამართლოს მიმართა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ პატიმრობის გამოყენება არ შეიძლება დაფუძნებული იყოს აბსტრაქტულ რისკებსა და საფრთხეებზე, ასევე მხოლოდ სადავო ქმედების ხასიათსა და ბუნებაზე.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია, თუკი არ არსებობს „რელევანტური და საკმარისი მიზეზები“. მისივე განმარტებით, „საფრთხეების არსებობა კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობის მტკიცებულებებით უნდა საბუთდებოდეს, როდესაც პატიმრობა განგრძობითია“.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას გულისხმობს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
დანაშაული, რომლის ჩადენასაც მას ედავებიან, სასჯელის ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

