29 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს, ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.
საკანონმდებლო ორგანოში ის ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია.
სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით მან წინასწარ გადაგზავნილ 68 შეკითხვას უპასუხა.
პლენარულ სესიაზე ისმოდა კრიტიკული კითხვებიც პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, პოლიტიკური გუნდის დეპუტატები, რომლებიც საკანონმდებლო საქმიანობას 28 ოქტომბრიდან შეუდგნენ, რევაზ სოხაძეს დაუსრულებელი და გაჭიანურებული პროექტების შესახებ ჰკითხეს.
ამავე პარტიის დეპუტატებმა ისაუბრეს შესაძლო კორუფციულ სქემებზე, რომლებიც, მათი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით შესამჩნევია. სიტყვით გამოსვლისას, თავად მინისტრმაც აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც სამინისტრო რამდენიმე ნაწილად გაიყო, გამოიკვეთა წარსულში დაშვებული შეცდომები და პრობლემები:
„მუნიციპალური განვითარების ფონდში შესწავლის შედეგად, სამწუხაროდ, გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული, ან სრულად შეჩერებული პროექტის მიზეზად იქცა.
მაგალითად, 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა. პრობლემებში ვგულისხმობ როგორც შესრულების დაბალ ტემპს, ასევე შეჩერებულ და ვადაგადაცილებულ პროექტებს, ხარისხის პრობლემას და ა.შ…“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

