2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი წლისთავზე პოლიტიკური ბოიკოტი დაასრულეს და საკანონმდებლო ორგანოში კუთვნილი 12 მანდატით შევიდნენ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ დეპუტატები.
პარტიის ერთ-ერთმა და სავარაუდოდ ახლა უკვე საპარლამენტო გუნდის ლიდერმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის ტრიბუნასთან თქვა, რომ პარლამენტში არ შესვლა შეცდომა იყო და ამ შეცდომას ამომრჩევლის წინაშე გულწრფელად აღიარებენ. იმასაც აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას არ აძლევენ, თუმცა რადგანაც მაინც ეს გუნდი მართავს ქვეყანას და იღებს, მისივე თქმით, რეპრესიულ კანონებს, მათი ოპონირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო დიდი შეცდომა იქნება.
„ჩვენი პარლამენტში შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას, ან არ მიცემას. ეს ნიშნავს რეალობისთვის თვალის გასწორებას. იმ რეალობისთვის, რომლითაც დღეს ქვეყანა „ოცნების” მიერ იმართება. „ოცნების” მიერ მიღებული კანონებით დღეს უამრავი ადამიანი არის დაჭერილი, რაც ყოველდღიურად გრძელდება. ამიტომ ჩვენთვის პარლამენტში შემოსვლა, პირველ რიგში, ემსახურება ქართველი ხალხის ხმის და განსხვავებული აზრის პარლამენტში დაბრუნებას, რომელიც არ ეკუთვნის არავის – არც „ოცნებას” და არც რომელიმე სხვა პარტიას; ნიშნავს ამ ორი რადიკალური ძალის, „ოცნების”, „ნაციონალური მოძრაობისა” და „ნაცმოძრაობის” ქვეშ მყოფი პარტიების მიერ შექმნილი დაპირისპირებისა და რადიკალიზაციის სპირალიდან ქვეყნის გამოყვანის მცდელობას; რა თქმა უნდა, ნიშნავს ძალიან მწვავე, პრინციპულ, მაგრამ ამავე დროს გონიერ, ზომიერ და თანმიმდევრულ პოლიტიკას „ოცნების” წინააღმდეგ”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერები კი ამბობენ, რომ გიორგი გახარიას პარტიას ერთი წლით გვიან, მაგრამ მაინც მოუწია რეალობისთვის თვალის გასწორება. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მათი შესვლით არაფერი შეიცვლება იმის გარდა, რომ 12 სკამი შეივსება.
„რაც შეეხება გახარიელ ნაცებსა და მოღალატეებს, მათი შემოსვლით ის იცვლება, რომ მხოლოდ 12 ცარიელი სკამი იქნება დაკავებული საქართველოს პარლამენტში. აგენტურულ ქსელში ჩართული ამ პარტიის შემადგენლობა შემოვა თუ არა პარლამენტში, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მათ სიაში 12-დან ერთი უკვე გამოაკლდათ“, – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
პარლამენტში არა, მაგრამ 57 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში შედიან აკრძალვის პირას მყოფი კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, დეპუტატები. „ქართული ოცნების“ ცნობით, პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, მათი კვოტით საკრებულოებში შესულ დეპუტატებს, მანდატი შეუნარჩუნდებათ. „ლელოში“ ამბობენ, რომ 57 საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ კორუფციაში ხელს შეუშლიან.
ავტორი: ალეკო გვეტაძე

