მთავარიევროპაბელარუსიევრაზიის უსაფრთხოების სამიტი მინსკში

ევრაზიის უსაფრთხოების სამიტი მინსკში

რუსეთი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დაიცავს იმ პრინციპებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის სამიტზე, ალასკაში შეათანხმეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მინსკში, ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე, განაცხადა.

მანვე თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტს NATO-ს ევროპელი წევრები ახანგრძლივებენ კიევისთვის იარაღის მიწოდებითა და უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერით.

„ევროპის უმეტესი ქვეყნების ლიდერები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დაარწმუნონ, უარი თქვას უკრაინის კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე მოლაპარაკებებით გადაჭრის გზაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი ტრამპი ნამდვილად ერთგულია უკრაინული კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისადმი და დაიცავს იმ პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბდა ანკორიჯის სამიტზე – პრინციპებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ამერიკულ ინიციატივებზე იყო დაფუძნებული.

სხვათა შორის, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არ გვქონია და ამჟამადაც არ გვაქვს განზრახვა, თავს დავესხათ ნატოს ან ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას. მზად ვართ, ეს პოზიცია მომავალ უსაფრთხოების გარანტიებში დავამკვიდროთ ევრაზიის ამ ნაწილისთვის. თუმცა, ევროკავშირის ლიდერები თავს არიდებენ ასეთი გარანტიების შესახებ კოლექტიურ განხილვას და ამაყად აცხადებენ, რომ უკრაინის კრიზისის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები უნდა არსებობდეს არა რუსეთის მონაწილეობით, არამედ რუსეთის წინააღმდეგ”,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ევრაზიის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას ბელარუსი მასპინძლობს. კონფერენციის მასპინძელმა, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ დღეს, 28 ოქტომბერს, განაცხადა, რომ ბელარუსსა და რუსეთს ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვთ და მათ ესკალაცია არ სჭირდებათ. მანვე თქვა, რომ რუსეთი და ბელარუსი მიზანში არავის იღებენ და ამ ქვეყნების მისამართით გაჟღერებული ბრალდებები სრული სისულელეა.

ლუკაშენკამ „აბსურდული თაღლითობა“ უწოდა ლიეტუვის მიერ ჰელიუმის ბუშტების საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო ბელარუსთან საზღვრის დახურვასაც.

„ბოლო დროს ჩვენ და რუსეთს გვადანაშაულებენ, რომ ხვალ ან ზეგ, დავიკავებთ პოლონეთს ან ბალტიისპირეთს, ან ყველაფერს ერთად. სულ მცირე, სუვალკის დერეფანს. ამას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების დღიდან ვისმენ. ეს სრული სისულელეა. ჩვენ მიზანში არავის ვიღებთ. არანაირი ევროპა, პარიზი ან ლონდონი არ გვჭირდება. არც ლიეტუვა და არც პოლონეთი. ჩვენ ესკალაცია არ გვჭირდება.

ზოგიერთმა მეზობელმა საზღვრების დახურვით აბსურდული თაღლითობა ჩაიდინა. მათ აბსურდული მიზეზი მოიგონეს. თუ დამნაშავე ხარ, მაშინ ბოდიში ყოველთვის უნდა მოიხადო. თუ დაგვარწმუნებენ, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ, მაშინ ბოდიშს საჯაროდ მოვიხდით“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend