„ევრონესტის ისტორიაში პირველად, ოფიციალურ შეხვედრებს ქართველები არ ესწრებიან. ეს ასამბლეა არის პლატფორმა არა მხოლოდ სიტუაციის შესაფასებლად, არამედ ერთმანეთის დასახმარებლად ერთი და იმავე ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ბოროტება რუსეთია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ სომხეთში, ევრონესტის საპარლამენტო სესიის ფარგლებში პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის შეხვედრაზე.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სომხეთში პოზიტიური მოვლენები განვითარდა, მათ შორის აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების თვალსაზრისით, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოში, წლების წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერ სახელმწიფოში, ვითარება სრულიად განსხვავებულად ვითარდება.
„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩვენს ანგარიშებში იმის წაკითხვა, თუ რა ხდება საქართველოში – რთულია ასეთი შეფასებების წაკითხვა იმ ქვეყნის შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის წამყვანი იყო რეფორმებითა და ყველაფრით, რასაც ვაკვირდებოდით. რა თქმა უნდა, არ მგონია, რომ ეს სამუდამოდ ასე იქნება და ჩვენს მომავალ ანგარიშებში არ შეიცვლება”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) October 28, 2025
ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 სესია მიმდინარეობს. წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სესიაში მონაწილეობას მხოლოდ უკრაინა და სომხეთი იღებენ. საქართველოს დელეგაცია ერევანში არ ჩავიდა.
„სულ უფრო მეტად ვართ შეშფოთებულები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“, – წერია წერილში, რომლითაც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, ევრონესტს მიმართა.

