ნიკოლას მადუროს მთავარი პილოტი, კაცი, რომელიც ვენესუელელი პრეზიდენტის მიმართ იმაზე ერთგული გამოდგა, ვიდრე დიქტატორს წარმოედგინა. საერთაშორისო გამოცემა AP წერს, რომ აშშ-ის ფედერალურ აგენტებს მასთან დაკავშირებით თამამი გეგმა ჰქონდათ, დაერწმუნებინათ საპრეზიდენტო თვითმფრინავის პილოტი იმაში, რომ დიქტატორის დაკავებაში სამსახური გაეწია. კერძოდ, ამერიკული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაციის თანახმად, პილოტს კარიბის ზღვის თავზე ფრენისას მარშრუტი უნდა შეეცვალა და დაფრენილიყო იმ მითითებულ ადგილას, სადაც ვენესუელელი დიქტატორის დაკავება ამერიკელებისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა.
„ფედერალურმა აგენტებმა გაიგეს, რომ მადუროს თვითმფრინავები კარიბის ზღვაში მიჰყავდათ ტექნიკური შემოწმებისთვის. მათ დომინიკის რესპუბლიკის ხელისუფლებას სთხოვეს ნებართვა, რომ მიახლოებოდნენ მადუროს პილოტებს, რომლებიც იქ სამუშაოს აკვირდებოდნენ. წინადადება იყო ასეთი: შენ ძალიან მდიდარი ადამიანი გახდები, შენი ოჯახი ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება, მილიონობით ვენესუელელი შეგიყვარებს, თუ ჩვენთან ითანამშრომლებ და მადუროს სადმე კარიბის ზღვაში უსაფრთხოდ დასვამ, სადაც მას ამერიკელი სამართალდამცავები დააკავებენ და მართლმსაჯულებას წარუდგენენ შეერთებულ შტატებში, სადაც მისთვის 50-მილიონდოლარიანი ჯილდოა გათვალისწინებული”, – ჰყვება The Associated Press-ის ჟურნალისტი, ჯოშუა გუდმენი.
ერთი შეხედვით ცივი ომის პერიოდზე გადაღებული ჰოლივუდური ტრილერის სცენარი გასულ წელს დაიგეგმა, სწორედ დომენიკის რესპუბლიკაში. მასში ფიგურირებდა კერძო თვითმფრინავი, საიდუმლო შეხვედრა აეროპორტის ანგარზე, დელიკატური დიპლომატია და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ მადუროს ლოიალურ კაპიტანს მხარე შეეცვალა, მხარესთან ერთად კი მარშრუტიც. თუმცა პილოტმა უარი თქვა. ჩავარდნილმა ოპერაციამ ერთი რამ ნათელი გახადა, თეთრ სახლში ნიკოლას მადუროს ჩამოგდება ნამდვილად სურთ, რაც ვენესუელელი პრეზიდენტისთვის კარგი ამბავი არ უნდა იყოს.
„ბოლო 25 წლის განმავლობაში ვენესუელა იყო ერთგვარი ეკალი ვაშინგტონისთვის. თავდაპირველად ყოფილი პრეზიდენტის, უგო ჩავესის, მოგვიანებით კი ნიკოლას მადუროს სახით, რომელიც ჩავესის მიერ შერჩეული მემკვიდრე იყო. ვენესუელა აქტიურად მუშაობდა აშშ-სთან ოპონირებაში გლობალურად, განსაკუთრებით კი ლათინურ ამერიკაში. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო ვაშინგტონი ასე ფოკუსირებული ვენესუელაში რეჟიმის ცვლაზე”, – ამბობს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ჯეოფ რემზი.
განზრახვა აშშ-ს არც დაუმალავს, მანამდე ნიკოლას მადუროს დაკავებისთვის საჭირო ინფორმაციისთვის 50-მილიონდოლარიანი ჯილდო დაწესდა. თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ ეს ვენესუელური პოლიტიკური ელიტისთვის არაფერია. ნიკოლას მადუროს მიმართ ლოიალურად განწყობილი ახლო წრე კორუფციული გარიგებებით გაცილებით მეტს იღებს. მითუმეტეს, რომ ვენესუელა ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, მაგალითად ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ალეხანდრო ანდრადამ გასამართლებამდე ქრთამის სახით 1 მილიარდი დოლარი აიღო.
„ნიკოლას მადურო სასტიკი დიქტატორია და მე ვფიქრობ, რომ ეს ადმინისტრაცია დაინტერესებულია ვენესუელაში დემოკრატიის წინსვლით. მაგრამ სხვა რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ვენესუელა მსოფლიოს უმსხვილესი სანავთობო რეზერვების ადგილია ამ პლანეტაზე. ის ასევე არის საემიგრაციო კრიზისის წყარო, რაც 8 მილიონი ვენესუელელის ქვეყნიდან გაქცევაში გამოიხატა. რაღა თქმა უნდა, ვენესუელა წარმოადგენს ასევე ჩინური და რუსული გავლენის ადგილს დასავლეთ ნახევარსფეროში. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ყველა ამ მიზეზის გამო ხდებოდა. ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელა სამიზნეში ჰყავს”, – ამბობს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ჯეოფ რემზი.
ნიკოლას მადუროს ხელისუფლებას აშშ სხვა ქვეყნების მსგავსად არ აღიარებს და თვლის, რომ არჩევნები დემოკრატიული გზით არ ჩატარებულა. ოფიციალური პირები ვენესუელის მმართველობას ხშირად მოიხსენიებენ რეჟიმად, პრეზიდენტს კი ნარკოტრეფიკში ადანაშაულებენ. სწორედ ნარკოტიკული კარტელების განადგურების საბაბით დაიწყო აშშ-მა მძიმეწონიანი სამხედრო ძალების განთავსება კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით. მიუხედავად იმისა, რომ შტატებში შემავალი ნარკოტიკული საშუალებები მეტწილად კოლუმბიიდან, ბოლივიიდან და პერუდან ჰკვეთს საზღვარს. თუმცა შტატები აქცენტს სწორედ ვენესუელაზე აკეთებს. თვეზე მეტია, კარიბის ზღვის აუზში მნიშვნელოვანი ოპერაციები მიმდინარეობს. ამერიკელები ანადგურებენ იმ ნავებს, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებები შტატებში შეაქვთ. ოპერაციებს რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე ემსხვერპლა.
„ომის დეპარტამენტმა ნარკოტერორისტები დასავლეთ ნახევარსფეროს ალ-კაიდად დაახასიათა, შეხედეთ მათ – ისინი არიან კარგად დაფინანსებული, საშიში, ძალადობრივი კარტელები, რომლებიც ოპერირებენ როგორც ტერორისტები, ავსებენ ჩვენს ქვეყანას ნარკოტიკებით. აშშ ამ საქმეს მიხედავს. პრეზიდენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა. ისინი მოდიან კარიბის ზღვის გავლით ნავებით, ვენესუელის არალეგიტიმური მთავრობის სრული დახმარებით. ე.წ. „მზის კარტელი” პირადად ნიკოლას მადუროს მიერაა მართული, ისინი წყნარი ოკეანის ოკეანეშიც ოპერირებენ. მათსა და ვენესუელას შორის განსხვავება კი ისაა, რომ ჩვენ იქ პარტნიორები გვყავს. გამოწვევა, რომელიც კარიბის აუზში არსებობს ისაა, რომ ვენესუელაში არსებობს სახელმწიფო, რომელსაც კარტელი მართავს. ყველას გახსენებთ, რომ ნიკოლას მადურო ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქმა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებმა დაასახელეს, როგორც გადამზიდავი ორგანიზაციები”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
აშშ-ის ხელისუფლებამ აქამდეც ღიად თქვა, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ვენესუელის ტერიტორიაზე სადაზვერვო ოპერაციების ჩატარების ავტორიზაციას აძლევს. ეს კი შესაძლოა გულისხმობდეს საბოტაჟს, ოპოზიციის დაფინანსებას თუ სხვა ქმედებებს. ამ ეტაპზე ჩანს, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ამბიციების მქონე დონალდ ტრამპი ღია ომში შესვლას არ გეგმავს, თუმცა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ვენესუელის ამჟამინდელი სანქცირებული მთავრობა შეცვალოს.

