გერმანიის ამბიცია, რომ ევროპის კონტინენტზე გახდეს ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვეყანა, კარგად ჩანს შეიარაღებული ძალების მიმართულებით გადადგმული რეფორმებით. ჯერ იყო იდეა, რომლის შესახებ ღიად ისაუბრა მაისში გერმანიის კანცლერმა. მისი თქმით, ბუნდესვერი უნდა გადაიქცეს ევროპის უძლიერეს კონვენციურ არმიად. გავიდა რამდენიმე თვე და იდეას ფინანსური გეგმაც დაემატა.
სწორედ ამ ფინანსურ დოკუმენტზე მოამზადა ვრცელი პუბლიკაცია გამოცემა „პოლიტიკომ“, რომელშიც აღნიშნულია – „39-გვერდიანი ვრცელი სია მოიცავს 377 მილიარდი ევროს ღირებულების შესყიდვებს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კოსმოსური და კიბერმიმართულებით. დოკუმენტი წარმოადგენს იარაღის შესყიდვების გეგმას, რომელიც გერმანიის არმიის 2026 წლის ბიუჯეტში იქნება გაწერილი, თუმცა ბევრი მათგანის შესყიდვას დიდი დრო დასჭირდება, შესაბამისად, მკაფიო დროის ჩარჩო არ არსებობს. ერთობლიობაში კი ის წარმოადგენს გერმანიის თავდაცვის გადახალისების ყოვლისმომცველ საგზაო რუკას, რომელიც გამყარებულია ადგილობრივი ინდუსტრიით”.
გამოცემა „პოლიტიკოს“ მიხედვით, რომელსაც, როგორც წყაროს, არაერთი დასავლური გამოცემა ეყრდნობა, ბუნდესვერი მომავალი წლისთვის საბიუჯეტო ციკლის განმავლობაში ახალი იარაღისა და აღჭურვილობის დაახლოებით 320 პროექტს დაიწყებს.
ტენდერებში გერმანული კომპანიები დომინირებენ და მათგან უპირატესობა კომპანია Rheinmetall-ს აქვს. დოკუმენტის მიხედვით, ბუნდესვერი გეგმავს ჯამში 687 ჯავშანმანქანა Puma-ს შეძენას. გეგმაშია ასევე სარაკეტო შესაძლებლობების გაძლიერება და ამ მხრივ საქმეში ერთვება სამხედრო სამრეწველო კომპანია Diehl Defence. დიდი წილი მოდის IRIS-T ოჯახზე, რომელიც გერმანიის მომავალი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არქიტექტურის ხერხემალი უნდა გახდეს. დოკუმენტის თანახმად, ბუნდესვერის მიზანია, შეიძინოს 14 სრული IRIS-T SLM სისტემა, რომლის ღირებულება 3.18 მილიარდი ევროა. ასევე 396 ერთეული IRIS-T SLM რაკეტა დაახლოებით 694 მილიონ ევროდ და დამატებით 300 IRIS-T LFK მოკლე დისტანციის რაკეტა, რომელშიც 300 მილიონ ევროს გადაიხდის. დოკუმენტში დრონების შესახებაცაა ჩანაწერი. მაღალი კლასის დრონებთან დაკავშირებით ბუნდესვერს სურს, გააფართოოს საკუთარი Heron TP ფლოტი და შეიძინოს ახალი საბრძოლო მასალა დაახლოებით 100 მილიონ ევროდ. ამას მოჰყვება ახალი LUNA NG ტაქტიკური დრონები, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
ბუნდესვერის რამდენიმე ყველაზე ძვირადღირებული ახალი პროექტი კოსმოსსაც უკავშირდება. გეგმაშია, გამოიყოს 14 მილიარდ ევროზე მეტი სატელიტური პროგრამებისთვის. ბუნდესვერი ავიაციის გაძლიერებაზეც ფიქრობს. ბერლინს სურს, 15 ერთეული F-35 გამანადგურებლის შეძენა. რაც შეეხება შორი მოქმედების ფრთოსან სისტემებს, გერმანია აპირებს 400 ერთეული Tomahawk Block Vb ფრთოსანი რაკეტის ყიდვას სამ Lockheed Martin Typhon-ის გამშვებ დანადგართან ერთად – ეს კომბინაცია ბუნდესვერს 2,000 კილომეტრ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემს.
თანამედროვე იარაღით გადაიარაღება ერთია, თუმცა, როგორც ცნობილია, გერმანიის მიზანი ცოცხალი ძალით გაძლიერებაც არის. ამ ამბიციური გეგმის შესახებ რამდენიმე კვირის წინ ბუნდესვერის ონლაინპლატფორმაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ჩვენ გვჭირდება მეტი აქტიური ჯარისკაცი. დღეს გვყავს 183,000, მომდევნო რვა-ცხრა წელიწადში კი 260,000 უნდა გახდეს. ამას ნატოს შესაძლებლობების მიზნები მოითხოვს ჩვენგან, მაგრამ ეს აქტიური ძალაა. და როგორც იცით, ყოველთვისაა საჭირო სარეზერვო ძალა. დღეს ჩვენ არ გვყავს ის საკმარისი რაოდენობით. ამჟამად 55 ათასამდე გვყავს. იმისთვის, რომ შევასრულოთ ნატოს მოთხოვნები, ჩვენ გვჭირდება 200 ათასი რეზერვისტი. უნდა გავზარდოთ მათი რიცხვიც. სწორედ ამისთვის შეიქმნა ახალი სამსახური და ამ რიცხვს უახლოეს რამდენიმე წელიწადში მივაღწევთ“, – ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი.
გერმანია მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით ავითარებს სამხედრო შესაძლებლობებს. როგორც არაერთი სამხედრო ანალიტიკოსი აღნიშნავს, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და აშშ-ის მხრიდან მოწოდებებმა, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი რესურსი უნდა გაიღოს – ევროპის კონტინენტზე გადაიარაღების მასშტაბური პროცესი გამოიწვია.

