მთავარისაქართველოპარტიების აკრძალვა - „ქართული ოცნების” სარჩელი, დემოკრატიის გამოწვევა თუ კონსტიტუციური ქმედება

პარტიების აკრძალვა – „ქართული ოცნების” სარჩელი, დემოკრატიის გამოწვევა თუ კონსტიტუციური ქმედება

ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკოსობის სამუდამოდ შეზღუდვის სარჩელი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამზადებს, მწვავედ აკრიტიკებენ პოლიტიკურ და სამოქალაქო სპექტრში. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ეს კონსტიტუციურად დაშვებულია და ისინი ამ გზას გამოიყენებენ.

როგორც ისინი ამბობენ, ამ ქვეყანაში ქართულ საქმეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ აკეთებს, ხოლო ყველა დანარჩენი, ოპოზიციიდან მტერი და ანტიქართული საქმის მკეთებელია. თუმცა, მმართველ გუნდში იმასაც ამბობენ, რომ სიჩქარე არ უნდათ და ამ თემას პარტიის შიგნით ისევ კონსულტაციაზე გაიტანენ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორის ამჟამინდელი წარმომადგენელი ნინო ლომჯარია ახლო წარსულში, სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში, ერთ-ერთი პარტიის კერძოდ, პრორუსული „ალტ-ინფოს“ აკრძალვას ითხოვდა. ახლა კი „ქართული ოცნების“ გაკრიტიკება მისი აზრით, ორმაგი სტანდარტია.

„პარტიის საქმიანობის აკრძალვის კონსტიტუციურობას თუ ანტიკონსტიტუციურობას რაც შეეხება, ეს ყოველთვის იყო ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში. ნებისმიერ ქვეყანაში არის. მეორეც, არქივი კარგი რამ არის, ჩახედეთ არქივში და ნახეთ ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა. ვინაიდან თავად მოსარჩელე ვერ იქნებოდა, პარლამენტში ოპოზიციურ წევრებსაც კი გაუგზავნა სარჩელი, რომ მათ შეეტანათ. ასე რომ, თავად „ენჯეოებს“ ჰქონდათ გამზადებული სარჩელი და მაშინდელ პარტიებთან მუშაობას ცდილობდნენ, რათა მათ შეეტანათ. ამიტომ ფარისევლობა, ტყუილი, ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ გაბრიყვების მცდელობაა, როდესაც უცხოეთიდან დაქირავებული ჯგუფები ცდილობენ, აბსურდული სამართლებრივი განმარტება გააკეთონ. ჩვენ ამას ვაკვირდებით, რადგან ამის უკან კონკრეტული დონორებისა და ელჩების პოზიციას ვხედავთ ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თავად ნინო ლომჯარია და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები ერთობლივ ბრიფინგზე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ რეალური მიზანი ერთპარტიული, დიქტატორული მმართველობის ჩამოყალიბება და ამისთვის ქვეყანაში ალტერნატიული პოლიტიკური და სამოქალაქო აზრის სრულად გაქრობაა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციით არ გააჩნია მანდატი, რომ განიხილოს სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას, პარტიის წევრობას, პასიური საარჩევნო უფლების ხმის მიცემის ქონას და ასე შემდეგ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაინც მიიღებს „ქართული ოცნების“ სარჩელს წარმოებაში, ამით უკვე დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას. მეორე საკითხია ის, რომ თუკი სარჩელი მაინც იქნება წარმოებაში მიღებული და შემდგომ დაკმაყოფილებული, არც ამას ექნება კონსტიტუციური საფუძველი იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს არცერთ მატერიალურ, სამართლებრივ ნორმას, რომლის საფუძველზეც პირს შეიძლება, აეკრძალოს არჩევნებში ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. მთლიანად სარჩელის წარმოებაში მიღებაც და მერე განხილვაც, მით უმეტეს მისი დაკმაყოფილება იქნება ანტიკონსტიტუციური იმ ორგანოს მიერ, რომელიც თითქოს იმისთვის არის შექმნილი, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი უზრუნველყოს. ეს არ ეხება მარტო პარტიებს, პარტიის აქტივისტებს, მარტო იმ ხალხს, ვინც პოლიტიკაში მონაწილეობს, ეხება საქართველოს თითოეულ მონაწილეს, თითოეულ ამომრჩეველს“, -განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა, სანდრო ბარამიძემ.

„ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ  მოსამართლეების მიმართ უნდობლობის მიუხედავად, ისინი ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ.

„ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავს, რადგან თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა „ოცნების“ რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს. „ძლიერი საქართველო-ლელოს“ განცხადებით, სრულიად აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23-ე, 25-ე, 31-ე და მე-60 მუხლებს და საერთაშორისო ნორმებს.

გარდა ამისა, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, ისევე როგორც გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლს, აგრეთვე ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება – თავისუფლად შექმნან პოლიტიკური პარტიები და განახორციელონ პარტიული საქმიანობა“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ დიქტატორული რეჟიმის დამყარების მცდელობის არავის ეშინია და ქართული საზოგადოება დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ბრძოლას სხვა გზებითაც გააგრძელებს.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend