რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. „რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები გეგმის მიხედვით მიდის“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა ჩოი სონ ჰუის კრემლში მიღებისას.
ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, შეხვდა.
„რუსები არასდროს დაივიწყებენ კურსკის რეგიონში კორეის არმიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების გმირობას, რომლებიც რუსული მიწის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ. ეს გმირული საქმეები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობისა და ისტორიულ ერთობას ჩვენს საერთო ბრძოლაში სამართლიანობისთვის“, – განუცხადა სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთკორეელ კოლეგას.
თავის მხრივ, ჩოი სონ ჰუიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკას, რომლის მიზანიც, მისივე სიტყვებით, „სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვაა“, ჩრდილოეთ კორეა ურყევად უჭერს მხარს და ეს „კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის უცვლელი საგარეო პოლიტიკური პოზიციაა“.

„გულწრფელად გვიხარია, რომ ისევ გმასპინძლობთ – ამჯერად მინსკისკენ მიმავალ გზაზე, რათა მონაწილეობა მიიღოთ ევრაზიული უსაფრთხოების მესამე საერთაშორისო კონფერენციაში.
ამ მნიშვნელოვან კონფერენციაში მონაწილეობა აუცილებლად დაეხმარება ჩვენი საერთო მიზნისკენ წინსვლას – სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შექმნას, მათ შორის ევრაზიაში.
რუსები არასდროს დაივიწყებენ კურსკის რეგიონში კორეის არმიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების გმირობას, რომლებიც რუსული მიწის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ. ეს გმირული საქმეები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას და ისტორიულ ერთობას ჩვენს საერთო ბრძოლაში სამართლიანობისთვის.
დღეს იმედია, გავაგრძელებთ საუბარს, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძირითად საკითხებს ეხება. ასევე აუცილებლად განვიხილავთ საერთაშორისო მდგომარეობას, თქვენს რეგიონში არსებულ ვითარებას, მთელი ევრაზიის და ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას, ერთობლივ ქმედებებს გაეროსა და სხვა მრავალმხრივ პლატფორმებზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„მხოლოდ სამი თვე გავიდა ორი ქვეყნის, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის, მინისტრებს შორის მეორე სტრატეგიული დიალოგიდან მიმდინარე წლის ივნისში, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანი პროგრესია ორმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში.
მუდმივი მხარდაჭერა რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვას, ასევე ძლიერი რუსეთის შექმნის მიზნის რეალიზაციასა და სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას – ეს არის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის უცვლელი საგარეო პოლიტიკური პოზიცია“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩოი სონ ჰუიმ.

