მთავარისაქართველოევრონესტის სესია საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გარეშე

ევრონესტის სესია საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გარეშე

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის გასამართ შეხვედრაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ერევანში არ ჩადის.

მმართველი პარტია ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის დათმობა იმ პირებისთვისაც, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ ღირებულებებს.

„ქართული ოცნება“ მტრულ რიტორიკაში ადანაშაულებს ევროპარლამენტსაც, ევრონესტს კი ღია წერილით მიმართავს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

„სულ უფრო მეტად ვართ შეშფოთებულები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე როგორც  მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. განზრახ დამახინჯებული და ცრუ პოლიტიკური განცხადებები სულ უფრო მეტად ხდება იმ ევროპარლამენტარების ქმედების ნაწილი, რომლებიც საქართველოში ფაქტების, მტკიცებულებებისა და ქართველი ხალხის ნების ნაცვლად, უპირატესობას დანაშაულში მსჯავრდადებულ თავიანთ პოლიტიკურ პარტნიორებს ანიჭებენ…

ღრმად ვართ შეშფოთებულები ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებით, პლენარულ სესიაზე „სამოქალაქო საზოგადოების“ საფარით მოიწვიონ პირები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეობდნენ, ან მხარს უჭერდნენ არჩევნების უარყოფას, ლეგიტიმური დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას და საქართველოში ხელისუფლების დამხობის ბოლოდროინდელ მცდელობას. ამგვარი ქმედებებისა და მათთან დაკავშირებული ძალადობისგან მკაფიო გამიჯვნის ნაცვლად, ასამბლეის ამჟამინდელი მიდგომა ლეგიტიმაციას აძლევს იმ აქტორებს, რომელთა დღის წესრიგი არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს. ამ პირებისთვის პლატფორმის დათმობით ევრონესტი ნორმალიზებას უკეთებს და ხელს უწყობს ანტიდემოკრატიულ ქცევას, ასევე, ამართლებს ძალადობრივ ან რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს…“

მტრულ დამოკიდებულებაში ევროპარლამენტსა და ევრონესტს ადანაშაულებს ბაქოც. ერევანში არც მათი ოფიციალური წარმომადგენლობა ჩადის. აზერბაიჯანული მხარე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება არ უკავშირდება ღონისძიების სომხეთში ჩატარებას.

ადგილობრივ მედიასთან ევრონესტში ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელის, ტაჰირ მირკიშილის განცხადებით, ევროპარლამენტის დოკუმენტები და განცხადებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას:

„ეს განცხადებები ასევე არ უჭერენ მხარს სამშვიდობო პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ, პირიქით, წყალს ასხამენ მათ წისქვილზე, ვინც დაინტერესებულია რეგიონში მტრობის გაგრძელებით. ამის თაობაზე მილი მეჯლისს არაერთხელ გამოუხატავს პროტესტი. ევროპარლამენტის არაკონსტრუქციულმა განცხადებებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა აზერბაიჯანის დელეგაციის ნდობას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სარგებლიანობის მიმართ. მითუმეტეს მიმდინარე წლის აგვისტოში ვაშინგტონში აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მთელ მსოფლიოში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა“.

აზერბაიჯანის გადაწყვეტილება არგუმენტია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისთვის. ევრონესტის სესიას ის ფარსს უწოდებს, ევროპარლამენტს არასწორ ქცევებში სდებს ბრალს და მმართველი პარტიის გადაწყვეტილების მიზეზებს ასე ხსნის:

„ესეც აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ. იმ მტრულ რიტორიკას, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს, განსაკუთრებით ევრონესტის ხელმძღვანელობაში მყოფ პირებს აქვთ როგორც ქართველი ხალხის, ისე ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ. მათ შორის, ვერ მივიღებთ მონაწილეობას იმ ფარსში, სადაც „ენჯეოშნიკებად“ ჰყავთ გაფორმებული ბოკუჩავა, გეგელია და მსგავსი პოლიტიკოსები…“

ხელისუფლების არგუმენტები მიუღებელია მათი ოპონენტებისთვის, რომლებიც მორიგ ჯერზე საუბრობენ საქართველოს იზოლაციაში მოქცევის მცდელობაზე. მათი ნაწილი ერევანში ჩავიდა და ევრონესტის სამიტში მონაწილეობს.

„ევრონესტზე მისვლა-არ მისვლა დიდს არაფერს არ ცვლის, მაგრამ ის, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან ქრება, არის რუსული პოლიტიკის ნაწილი…“ – თქვა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.

„შენ თუ შენი ქვეყნის ინტერესების დაცვას აპირებ და თუნდაც, დებატებსა და კამათში შესვლას ამ ადამიანებთან, მაშინ უნდა წახვიდე [შეხვედრაზე]… ბატონ ლევანს [მახაშვილს] ჰგონია, რომ სახელმწიფოს ინტერესი არის პარტიის ინტერესი. ეს ერთმანეთისგან გამიჯნული რამ არის. ევრონესტი არის ძალიან საინტერესო საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ევროპის ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, როგორც გეოგრაფიულად, ისე არაგეოგრაფიულად…“ – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან უკვე 15 წელია გამოთიშულია ბელარუსი. მინსკის წევრობა შეჩერებულია 2010 წელს გამართული არჩევნების შემდეგ, რომელსაც ევროპულმა სახელმწიფოებმა არადემოკრატიული უწოდეს.

შეჩერებული წევრობის მიუხედავად, ევრონესტის ბოლო რამდენიმე სესიაში ბელარუსი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სვეტლანა ციხანოუსკაიამ წარადგინა.

წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერევანში, ევრონესტის მე-12 სესიაზე მხოლოდ ორი წევრი იქნება წარმოდგენილი – უკრაინა და მასპინძელი სომხეთი.

შეხვედრის მასპინძლობიდან ექვსი წლის თავზე კი თბილისის დელეგაცია ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს დისტანციურად მოისმენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend