აზიური ტურნეს ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიაში ჩაფრინდა. ის შეხვედრას გამართავს ქვეყნის ახალარჩეულ პრემიერ-მინისტრ სანეა ტაკაიჩისთან, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალია მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მჭიდრო ურთიერთობებით გამოირჩეოდა ტაკაიჩის წინამორბედ შინზო აბესთან, რომელიც იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 10 წელი იკავებდა. ტაკაიჩისთან შეხვედრა მეტწილად აშშ-ის სატარიფო პოლიტიკას დაეთმობა, ახალი პრემიერის ამოცანა ამ მხრივ ვითარების დასტაბილურება იქნება.
დონალდ ტრამპს მანამდე არაერთხელ გამოუთქვამს პრეტენზია იმის თაობაზე, რომ იაპონიაში ამერიკული მანქანების შესყიდვა არ ხდებოდა. ამის პასუხად ტოკოი გამოვიდა წინადადებით, შეისყიდოს ფორდის სატვირთო მანქანები, რომლებიც ინფრასტრუქტურისა და გზების ინსპექტირებისთვის იქნება გამოსადეგი. ტრამპს იდეა მოეწონა, განსხვავებით ბევრი იაპონელისგან, ვინც თვლის, რომ ამ სატვირთოებისთვის იაპონიის ქუჩები ზედმეტად ვიწროა.
„ჩვენ ერთად ვისაუბრებთ უდიდეს მეგობრობაზე. ველი ახალ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, მის შესახებ ფენომენალური ამბები მაქვს მოსმენილი. ის ყოფილი პრემიერის, შინზო აბეს, დიდი მოკავშირე და მეგობარია, რომელიც თავის მხრივ ჩემი მეგობარიცაა. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ვიცი, ისინი ფილოსოფიურად საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან, რაც კარგია. ეს იქნება კარგი შეხვედრა, რომელიც დაეხმარება იაპონიასა და აშშ-ს”, – აღნიშნა თვითმფრინავში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

