კატეგორიები

ჰიროსიმაში პატივი მიაგეს 81 წლის წინ, ატომური იარაღით დაბომბვისას დაღუპულებს

ჰიროსიმაში პატივი მიაგეს 81 წლის წინ, ატომური იარაღით დაბომბვისას დაღუპულებს
აგვისტოს თვე იაპონელი ხალხისთვის განსაკუთრებით დიდ ტკივილსა და ტრაგედიასთან ასოცირდება. 81 წლის წინ იაპონიის ქალაქები ჰიროსიმა და ნაგასაკი ბირთვული იარაღით დაიბომბა. პირველი დარტყმა ჰიროსიმას მოსახლეობამ იწვნია, სადაც წუთიერი დუმილითა და ტრადიციული სამგლოვიარო ცერემონიით გაიხსენეს 8 ათწლეულის წინ მომხდარი მოვლენები.

წელს განსხვავებული იყო ქალაქის მერის სიტყვა, რომელიც იაპონელი საზოგადოების გარდა, მსოფლიო ლიდერებისადმიც იყო მიმართული. კაზუმი მაცუიმ გააკრიტიკა ზესახელმწიფოთა პოლიტიკური მეთაურები მათი რიტორიკის გამო, რომელმაც, მისივე თქმით, სამყარო, შესაძლოა, კვლავ მიიყვანოს ატომური იარაღის გამოყენების ზღვარზე და განმეორდეს საფრთხე, რომელიც კაცობრიობამ მძიმედ გადაიტანა.

„მიმდინარე წლის „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების“ მიმოხილვის კონფერენციაზე, ისევე როგორც წინა ორ შემთხვევაში, საბოლოო დოკუმენტის მიღება ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი იმ პოლიტიკური ლიდერების სიტყვებსა და ქმედებებშია, რომლებიც პასუხისმგებლობას სხვა ქვეყნებს აკისრებენ და საკუთარი მოქმედებების გამართლებას ცდილობენ. ასეთი ქცევა, ფაქტობრივად, ნიშნავს დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების უგულებელყოფას და არსებითად ძირს უთხრის გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას.

ბირთვული იარაღის არაადამიანური ბუნების უგულებელყოფამ და  ეროვნული კეთილდღეობის მისაღწევად ძალის გამოყენების დაშვებამ, შესაძლოა, ძალადობრივი საპასუხო ქმედებების უწყვეტი ციკლი წაახალისოს და საბოლოოდ კიდევ ერთი ჰიროსიმისა და ნაგასაკის ტრაგედიამდე მიგვიყვანოს“, - განაცხადა კაზუმი მაცუიმ, ჰიროსიმას მერმა.

ტრადიციულად დილის 8:15 საათზე სრულიად იაპონიაში სამგლოვიარო ზარები დაირეკა. ეს ის დროა, როდესაც ამერიკულმა B-29 ტიპის ბომბდამშენმა ჰიროსიმას თავზე 1945 წლის 6 აგვისტოს ატომური ბომბი ჩამოაგდო.

მემორიალურ ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველად მონაწილეობდა სანაე ტაკაიჩი, რომლის თქმითაც, გადადგამს ყველა აუცილებელ ნაბიჯს, რათა იაპონიასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობა იქნეს მიღწეული ბირთვული შეიარაღების გარეშე.

„ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ატომური ბომბების ჩამოგდებით გამოწვეული ზიანი და იმ უთვალავი ადამიანის ენით აღუწერელი ტანჯვა არასოდეს არ უნდა განმეორდეს. იაპონია მტკიცედ იცავს სამ არაბირთვულ პრინციპს და, როგორც ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ომის დროს ატომური დაბომბვა გადაიტანა, გვაკისრია მისია, ურყევად გავაგრძელოთ ძალისხმევა ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს შექმნის მიზნით“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

სანაე ტაკაიჩის განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც არაერთი ანალიტიკოსი საუბრობს მისი ხელისუფლების უფრო ხისტი სამხედრო პოზიციისა და იაპონიის მეტად მილიტარიზებული პოლიტიკის შესახებ.

1945 წლის აგვისტოში, ამერიკული ავიაციის მიერ სამდღიანი შუალედით ჩამოგდებულ ატომურ ბომბებს ჯამში დაახლოებით 214 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა ნაწილი დაბომბვის შემდგომ მიმდებარე ქალაქებში წარმოქმნილ რადიაციულ ღრუბელს შეეწირა.

ბირთვული იარაღის გამოყენება დღემდე განხილვისა და დავის საგანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის. დასავლურ მხარეს მიაჩნია, რომ იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმ ადამიანების სიცოცხლე, ვინც იაპონიის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების შეჭრის შემთხვევაში დაიღუპებოდა. იაპონიაში კი მიიჩნევენ, რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და მშვიდობიან მოსახლეობაზე შეგნებულად ასეთი ძალის გამოყენება სამართლიანი არ ყოფილა. ამ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, დღეს ვაშინგტონსა და ტოკიოს ერთმანეთთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

თუმცაღა, 2016 წლის 27 მაისის ვიზიტით, ბარაკ ობამა გახდა შტატების პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ჰიროსიმაში ჩავიდა, პატივი მიაგო მსხვერპლთა ხსოვნას და მოუწოდა მსოფლიოს ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებისკენ.

მსგავსი ჟესტი გაიმეორა ჯო ბაიდენმა, თუმცა განსხვავებული კონტექსტით - შტატების 44-ე პრეზიდენტი იაპონიას „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში ეწვია და სიმბოლურად გაემართა ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალური მუზეუმისკენ, ყვავილებით შეამკო მსხვერპლთა მემორიალი და პირადად შეხვდა ატომურ აფეთქებას გადარჩენილ ადამიანს.

დაკავშირებული ამბები
ჰიროსიმაში პატივი მიაგეს 81 წლის წინ, ატომური იარაღით დაბომბვისას დაღუპულებს ტოკიოს ზოოპარკში ძლიერ სიცხეს  სამი ლომი ემსხვერპლა