ავღანელი ფეხბურთელი ქალები საერთაშორისო არენაზე ბრუნდებიან. ლტოლვილი მოთამაშეებისგან შემდგარი Afghan Women United იასპარეზებს მაროკოში, ქალაქ ბერეშიდში, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე, რომელიც FIFA-მ სწორედ იმისთვის დააორგანიზა, რომ ავღანელ ფეხბურთელებს საერთაშორისო პლატფორმაზე ასპარეზობის შესაძლებლობა მიეცეთ.
ტურნირი 26 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას სულ ოთხი გუნდი მიიღებს: Afghan Women United, ტუნისი, ლიბია და ჩადი. ავღანელი სპორტსმენებისთვის ეს არა მხოლოდ სპორტული შეჯიბრება, არამედ მათი გამძლეობისა და წინააღმდეგობების გადალახვის სიმბოლოც არის. მას შემდეგ, რაც 2021 წელს „თალიბანმა” ქაბული დაიბრუნა, ავღანეთში ქალთა ფეხბურთი აიკრძალა, რამაც ფეხბურთელი ქალები აიძულა, სამშობლო დაეტოვებინათ და კარიერა ავღანეთის საზღვრებს მიღმა გაეგრძელებინათ.

„ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია“, – განაცხადა Afghan Women United-ის კაპიტანმა, ფატიმა ჰაიდარიმ, მაროკოში ტურნირის დაწყებამდე.
„გუნდში ყველაფერი ამაღელვებელია – ჩვენ ვგრძნობთ ამ ენერგიას, როცა ერთად ვართ. ეს სწორედ ისაა, რაც მთელი ეს წლები გვსურდა, როცა ასე ძალიან ვცდილობდით იმის მიღწევას, რაც ნამდვილად გვეკუთვნის: როგორც ქალებს გვაქვს უფლება ვითამაშოთ და ჩვენი ქვეყანა წარმოვადგინოთ. ასე რომ, ეს მხოლოდ სიხარული არაა. ეს ემოციების ნაზავია. თითოეული ჩვენგანისთვის პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. ჩვენი თანაგუნდელების ნაწილი ისევ ავღანეთშია. ჩვენ აქ ვართ, რათა ყველას ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია.
ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, რომ მოგვცა ეს შესაძლებლობა და პრივილეგია, რათა გვეჩვენებინა, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ქალებს. ვფიქრობ, ეს ნათელი გზავნილია მთელი სამყაროსთვის, რომ თუ ქალები რამეს მოინდომებენ და ეს მხოლოდ სპორტს არ ეხება, მათ ისეთივე შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, როგორიც მამაკაცებს. განსაკუთრებით სპორტის სფეროში და ისეთ ქვეყნებში, როგორიც ავღანეთია, სადაც ბოლო წლებში ეს შანსი საერთოდ არ არსებობდა. ეს ტურნირი ჩვენი ოცნების ახდენაა.
როგორც გზავნილს, ვიტყოდი: არასდროს დანებდე. არავის მისცე უფლება გითხრას, რომ შენი ოცნებები ძალიან დიდია.
ვგრძნობ, რომ ყველა ჩვენგანმა შესაძლოა სიხარულის ცრემლებით იტიროს. ცრემლებით, რომლებიც მთელმა მსოფლიომ უნდა იხილოს. ეს ჩვენი გულის ყველაზე ღრმა ემოცია იქნება და იქნება იგივე გრძნობა, რომელიც ჩვენი ეროვნული ნაკრებისადმი მთელი ეს წლები გვქონდა“, – განაცხადა ფატიმა ჰაიდარიმ.

