24 და 25 ოქტომბერს ქუთაისში ევროპის დღეები აღინიშნება.
სწორედ ევროპის დღეების ფარგლებში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან აქტივობებში და დეტალური ინფორმაცია მოესმინათ საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ: „ჩვენ გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები ევროკავშირის მიმართ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომლებზეც ევროკავშირი დგას”.
როგორც ღონისძიების შემდეგ პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „პრაქტიკულად ყოველდღე შემოდის, ან იცვლება ახალი და ახალი კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული და ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ როგორც ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა ხმამაღლა და ნათლად განაცხადა გასულ ორშაბათს, 13 ოქტომბერს, ამ კანონებით, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ასე ღიად და პირდაპირ ვამბობ“.
პაველ ჰერჩინსკის ამ განცხადებას კი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ასე გამოეხმაურა:
„ერთადერთი, რასაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება, არის ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის სურვილი, ფარულად დააფინანსოს რადიკალიზმი და პროპაგანდა, რასაც არაფერი აქვს საერთო ევროკავშირის პრინციპებთან და ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ”.

