თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციებისას დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრების აქცია გაიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა განაცხადეს, შეკრების მიზანი საჯარო მოხელეებისთვის იმის შეხსენებაა, რომ ისინი არა პარტიას, არამედ სახელმწიფოსა და ხალხს ემსახურებიან.
„თუ დღეს უსამართლობა ჩვენ, უამრავ ადამიანს შეგვეხო, ხვალ მათ, მათ ოჯახებსა და შვილებს შეეხება. ნუ დაიბრმავებენ თვალებს. თუ უნდათ ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება, და თუკი ამტკიცებენ, რომ დემოკრატიას ემსახურებიან, დაგვიმტკიცონ რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურთ… დღეს სამსახური აქვთ, მაგრამ ხვალ მომავალი არ ექნება მათ ქვეყანას. ვის ემსახურებიან?“, – განაცხადა ელენე კასრაძემ, საპროტესტო აქციებისას დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლემ.
„საჯარო მოხელეები საქართველოს უნდა ემსახურონ და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. საჯარო სამსახურში მუშაობა არ არის პრივილეგია, ეს დიდი ვალია ქვეყნის წინაშე, რომელიც კეთილსინდისიერად უნდა მოიხადონ“, – განაცხადა თამთა კაჭახიძემ, თბილისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა.
მერიასთან შეკრებილებმა უწყების თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს და საჯარო მოხელის ფიცი წაიკითხეს. ასევე, უწყებაში დატოვეს ინფორმაცია დაკავებულთა, მათივე სიტყვებით, ,,თეთრი ძაფით ნაკერი საქმეების” შესახებ.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გადაინაცვლეს, რათა საკუთარი გზავნილები ამ უწყებასთანაც გააჟღერონ.
პატიმართა ოჯახის წევრების ეს კამპანია მიმდინარე კვირაში დაიწყო. ისინი ყველა საჯარო უწყებასთან მისვლასა და საჯარო მოხელეებისთვის მიმართვას გეგმავენ.

