მთავარისაქართველო„ისტერიული რეპრესიები” - სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ წელს აჯამებს

„ისტერიული რეპრესიები” – სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ წელს აჯამებს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გასული წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ წელს აჯამებს და ამბობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ მტკივნეული გზა გაიარა.

„26 ოქტომბრიდან გავიდა, თითქმის, ერთი წელი. ეს საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული წელია, რადგან ჩვენ ვნახეთ, რაც ამ დღეებში არა თუ გრძელდება, არამედ კიდევ უფრო დამძიმდა – ისტერიული რეპრესიები რეჟიმიდან, ისტერიული რეპრესიები მშვიდობიანი საზოგადოების წინააღმდეგ. ეცადნენ, რომ გადაეყვანათ არამშვიდობიან სცენარზე, მაგრამ არც ეს გამოუვიდა რეჟიმს და ყველანაირად, ყველა ფორმით უდანაშაულო ადამიანების დაჭერით, დაჯარიმებით, დაშინებით ცდილობენ, რომ ის პროტესტი, რომელიც გრძელდება, ჩაახშონ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, გრძელდება რეპრესიები, რომლებიც ყველა სფეროში ვრცელდება. როგორც მან განაცხადა, ელოდება ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს და პარტიების წევრების პოლიტიკურ საქმიანობას – ეს პროცესი კი, მისივე შეფასებით, საქართველოში იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე თავის დროზე რუსეთში.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება რუსეთს:

„საქართველო შედის რუსეთის სივრცეში, რადგან აქ შემოდიან სანქცირებული გემები, რომლებსაც სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ. ჩვენ ვართ გზა რუსეთისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუაროს და ამით საქართველო ხდება ერთგვარი ნაცრისფერი კრიმინალური ზონა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო საერთაშორისო იზოლაციის დარღვევა, „ჩაახშო საზოგადოების პროტესტი და ვერც ქვეყანას მართავს”. მისივე მოსაზრებით, მმართველი პარტიის „დასრულების ჟამი იწყება”:

„ეს არის შიდა დაპირისპირება. რაც არ უნდა ანტიკორუფციულად „გაასაღონ”, ეს არის შიდა კრიმინალური გარჩევა. შიგნით არის სრული უნდობლობა ერთმანეთის მიმართ, ბატონი ივანიშვილისა და მისი უახლოესი ადამიანების მიმართ. არანაირი ნდობა, რომელიც იყო ამ ე.წ. გუნდის საფუძველი, აღარ არსებობს”.

მეხუთე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების” მმართველობა დასასრულს უახლოვდება, ხოლო საზოგადოებისგან გამძლეობასა და მეტ სოლიდარობას ელოდება.

„26 ოქტომბერს ჩვენ ყველა ვიქნებით ერთად და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, რომ პროტესტი არ ქრება, რომ სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend