მთავარიამერიკავენესუელადონალდ ტრამპი: „ვისაც ქვეყანაში ნარკოტიკი შემოაქვს, დავხოცავთ“

დონალდ ტრამპი: „ვისაც ქვეყანაში ნარკოტიკი შემოაქვს, დავხოცავთ“

წყნარი ოკეანისა და კარიბის ზღვის აუზებში ნარკოკარტელებთან ბრძოლა გრძელდება. 22 ოქტომბერს ნარკოტიკების გადამზიდი გემი აშშ-ის სამხედრო ძალების სამიზნე უკვე მეცხრედ გახდა.

ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში, როდესაც დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, ნარკოკარტელები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადდნენ. ეს იყო დასაწყისი იმ პოლიტიკის, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას გააფართოვებდა.

თეთრ სახლში ამ გზიდან არ გადაუხვევიათ და ის, რომ ნარკოკარტელებთან ბრძოლა გრძელდება, თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 23 ოქტომბერს დაადასტურა.

„არ მგონია, ომის გამოცხადება აუცილებელი გახდეს. ვფიქრობ, უბრალოდ დავხოცავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკი შემოაქვთ. გასაგებია? ჩვენ მათ დავხოცავთ. ისინი მკვდრები იქნებიან. ხომ გასაგებია?“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

თუმცა ნარკოკარტელებთან ბრძოლას ვაშინგტონი მხოლოდ ზღვაზე არ გეგმავს და ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალების შემდგომი სამიზნე ხმელეთზე იქნება.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნარკოტიკის გამო შეერთებულ შტატებში წელიწადში 300 000-მდე ადამიანი იღუპება და ამ ნარკოტიკის დიდი ნაწილი ვენესუელიდან შემოდის.

შეერთებული შტატების სამხრეთის სარდლობის მიერ 23 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სარდლობა „დაიცვას სამშობლო უკანონო ნარკოტრეფიკინგისგან“. განცხადებას თან ერთვის ვიდეომასალა, რომელშიც საზღვაო ქვეითთა კორპუსის ნაწილების დესანტირების კადრებია ასახული.

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს თქმით, შეერთებული შტატები ქვეყნის ნავთობის მარაგებითაა დაინტერესებული და ომის დასაწყებად ემზადება, ხოლო ნარკოკარტელები მათთვის მხოლოდ საბაბია.

„არა ომს, არა ომს, არა ომს. კი მშვიდობას, კი მშვიდობას. სამუდამოდ! არა ამ გიჟურ ომს, გთხოვთ, გთხოვთ. გამარჯვება მშვიდობას, სამუდამოდ! ჩვენ გვაქვს მძიმე შეიარაღება, რომელიც საბედნიეროდ, პრეზიდენტმა ჩავესმა ქვეყნისთვის შეიძინა. პრეზიდენტი პუტინის, რუსეთის, ჩინეთისა და მსოფლიოში სხვა ჩვენი მეგობრების წყალობით, ვენესუელას აქვს შესაბამისი შეიარაღება მშვიდობის გარანტირებისთვის. ამ ათი კვირის განმავლობაში იმპერიალისტური მუქარისა და ფსიქოლოგიური ომის დროს, ჩვენ მშვიდად ვასრულებდით საკუთარ ვალდებულებებს“, – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ.

სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა ნიკოლას მადუროს უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა. როგორც ჩანს, მადუროს დიქტატურისთვის ნებისმიერი საფრთხის შექმნა ლათინური ამერიკის სამყაროში ზოგიერთ ლიდერს ძალიან აწუხებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend