ოთხშაბათს პერუს დედაქალაქ ლიმის მცხოვრებლებმა ახალ რეალობაში გაიღვიძეს. ქუჩებში, რკინიგზის სადგურებსა და ავტობუსებში ჯარისკაცები განლაგდნენ. მთავრობამ ქალაქში 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რითაც შეიზღუდა რამდენიმე კონსტიტუციური უფლება. აიკრძალა საპროტესტო აქციებიც. მიზანი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა.
ახალი დადგენილების ფარგლებში დაუშვებელია ორი ზრდასრული ადამიანის ერთი მოტოციკლით მგზავრობა.
მხოლოდ ლიმაში ერთ მილიონზე მეტი მოტოციკლისტია.
„საგანგებო მდგომარეობა ძალიან გვეხმარება. ჩვენ გვსურს მოსახლეობის დაცვა. ამ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დანაშაული მძვინვარებს, გამოძალვა და მსგავსი ქმედებები კი მეტად გვაზიანებს”, – აცხადებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, დევიდ აგილარი

რეგულაციები ციხეებშიც ვრცელდება. დადგენილების მიხედვით, შეიზღუდება პატიმრებთან ვიზიტი, საკნებში ელექტროენერგია მხოლოდ განათების მიზნით იქნება ჩართული, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე განადგურდება უკანონო სატელეფონო ანტენები.
„საგანგებო მდგომარეობის დროს უფრო მეტ ოპერაციას ვაწარმოებთ, რათა უზრუნველვყოთ მეტი მოქნილობა. ჩვენ შემოგვიერთდნენ სხვა ინსტიტუტებიც, მაგალითად, შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა ეროვნული პოლიციის პოლკოვნიკმა როსიო დე ლოს მილაგროს მაიჰუამ.
პრეზიდენტი ხოსე ხერი დედაქალაქის ციხეში ჩატარებულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა. შემოწმების დროს პატიმრებს ჩამოართვეს მაკრატლები, მეხსიერების ბარათები და სხვა ნივთები.

ხერის წინამორბედმა დინა ბოლუარტემაც გამოაცხადა წელს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მაისიდან მარტამდე გაგრძელდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას შედეგი, ფაქტობრივად, არ მოჰყოლია.
პერუში ბოლო წლებში დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა. მსხვერპლთა უმეტესობა მუშათა კლასის წარმომადგენელია. პროკურატურის მონაცემებით, 2017 წელს მკვლელობის 676 შემთხვევა იყო, 2024 წელს კი 2082-ამდე ავიდა. ასევე თუ 2020 წელს გამოძალვის 2305 შემთხვევა იყო, გასულ წელს 21746-ამდე გაიზარდა.

