მთავარისაქართველოთბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა

„საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნა.

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

„დღეს კავშირები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია; ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს. მაგრამ XXI საუკუნეში მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება – ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ამდენად, ბუნებრივია, რომ დღევანდელი ფორუმის პანელური დისკუსიები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება: გლობალური ვაჭრობის მომავალს, შუა დერეფნის პოტენციალს, ენერგეტიკულ ინტეგრაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფორუმის გახსნის ცერემონიაზე, ირაკლი კობახიძის გარდა, სიტყვით გამოვიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებიც.

ალი ასადოვი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებამ რეგიონს მშვიდობა დაუბრუნა, რაც კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

„ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, რომ მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, მეტი ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, მეტი განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს, მშვიდობას კიდევ უფრო გაამყარებს და გაზრდის ტემპს, მოცულობას კეთილდღეობისა, განვითარებისა და ზრდისა ყველა ჩვენგანისთვის – სომხეთისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ქვეყნის ლიდერი ფლობს საკმარის ნებას, გონსა და განწყობას, რომ უზრუნველვყოთ ამ მიმართულებით განვითარება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, სხვა მეზობლებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

აბრეშუმის გზის ფორუმზე ორი დღის განმავლობაში გაიმართება პანელური დისკუსიები და მასში რეგიონის ქვეყნების წამყვანი პოლიტიკური ლიდერები და ბიზნესკორპორაციების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ამ დისკუსიებზე საქართველო წარადგენს მსხვილ ინფრასტრუქტურულ გეგმებს – მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე მსხვილი მაგისტრალური გზების პროექტებს.

წლევანდელ ფორუმს სტუმრობს არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული ჯგუფის „ემაარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი მუჰამედ ალი ალაბარი, რომლის კომპანია „იგლ ჰილსი“ საქართველოში 6 მილიარდ-ნახევარი დოლარის ჯამური ინვესტიციის დეველოპერულ პროექტებს გეგმავს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მედიასთან განაცხადა, წელს საქართველო 73 ქვეყნიდან ჩამოსულ 2300-ზე მეტ მაღალი რანგის სტუმარს მასპინძლობს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ფორუმის სტუმრებთან მინისტრმა უკვე გამართა ოფიციალური მიღება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend