იაპონიის ისტორიაში პირველად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქალი აირჩიეს. 64 წლის სანაე ტაკაიჩის იაპონიის პარლამენტში უმრავლესობის მისაღებად 233 ხმა სჭირდებოდა. მან 237 ხმის მოპოვება შეძლო, რითაც პირველმა მიაღწია იმ წარმატებას, რომლისთვისაც აქამდე არცერთ იაპონელ ქალს არ მიუღწევია.
სანაე ტაკაიჩი შეცვლის შიგერუ იშიბას, რომელიც თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წელიწადი იყო, მან 21 ოქტომბერს, არჩევნებში კატასტროფული მარცხის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.
იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი ორი პარტიის – „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა“ და „იაპონიის ინოვაციების პარტიის“ – კოალიციის გაფორმების შემდეგ აირჩიეს. სანაე ტაკაიჩი ულტრაკონსერვატორია, ეს კი ნიშნავს, რომ იაპონია კიდევ უფრო მარჯვნივ გადაიხრება, ხოლო მმართველ ბლოკში ნაციონალისტური იდეები გაძლიერდება.

სანაე ტაკაიჩი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. წლის ბოლომდე მას მოუწევს ეკონომიკური სტაგნაციის შესაჩერებლად გეგმა წარადგინოს და საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს. გასათვალისწინებელია, რომ მისი გავლენა პოლიტიკურ ასპარეზზე ძალიან სუსტია.
„ამ წუთიდან მე უშიშრად და გულმოდგინედ ვიმუშავებ ისე, რომ ცვლილებების არ შემეშინდეს. მე ვიმუშავებ ქვეყნისა და ხალხისთვის. სწორედ ამ მიზნისთვის შევქმენი ეს მინისტრთა კაბინეტი. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, მივაღწიო ხელშესახებ შედეგებს და ავაშენო ძლიერი ქვეყანა. არასდროს დავნებდები. არა ერთხელ, არამედ ორჯერ წავაგე „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის” საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა არ დავნებებულვარ. მქონდა მკაფიო ხედვა, რომელიც ძლიერი ეკონომიკის შენებასა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებით იაპონიის ეროვნული ინტერესების დაცვას ითვალისწინებდა. რთული ვითარების წინაშე ვართ. „იაპონიის ინოვაციების პარტიასთან“ კოალიციის მიუხედავად, უმრავლესობა არ გვაქვს არც ქვედა, არც ზედა პალატებში. თუმცა ეს ვერ შეგვაჩერებს და მთავრობა მხოლოდ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ.
იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტი, ფაქტობრივად, არჩევის დღესვე წარადგინა. მისი თქმით, კაბინეტის წევრები წინასწარ კონკრეტული მიზნისთვის შეარჩია. მათგან მხოლოდ ორია ქალი: ფინანსთა მინისტრად დასახელებული საცუკი კატაიამა და ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრად წარდგენილი კიმი ონოდა.
სანაე ტაკაიჩი საარჩევნო კამპანიის დროს გენდერული თანასწორობის თემას დროს, ფაქტობრივად, არც კი უთმობდა. ტაკაიჩიმ რომ წარმატებას მიაღწია, ამას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, თუმცა მისი გამოცდილება მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობებს იკავებდა, დიპლომატიური გამოცდილება ნამდვილად არ აქვს.
სავარაუდოა, რომ ის ყოფილი პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს პოლიტიკას გააგრძელებს და ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებასა და იაპონიის პაციფისტური კონსტიტუციის გადახედვაზე.


