მთავარიმსოფლიოNATOჩრდილოეთის ზღვაში NATO-ს ბირთვული წვრთნები მიმდინარეობს

ჩრდილოეთის ზღვაში NATO-ს ბირთვული წვრთნები მიმდინარეობს

ჩრდილოეთის ზღვაში მიმდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოველწლიური სამხედრო წვრთნები, რომლის ფარგლებშიც NATO-ს 14 ქვეყნის 71 თვითმფრინავი ბირთვული შეკავების სწავლებაში მონაწილეობს. წვრთნების მიზანია ალიანსის წევრი ქვეყნების ბირთვული შეკავების მზადყოფნის შემოწმება და ამ თვალსაზრისით მისი შესაძლებლობების დემონსტრირება.

21 სექტემბერს ნიდერლანდებში, NATO-ს ბირთვული წვრთნების ფარგლებში, ვოლკელის საჰაერო ბაზიდან აფრინდნენ  F-35 ტიპის თვითმფრინავები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ. დიდი ხნის დაგეგმილი წვრთნები სახელწოდებით Steadfast Noon სამხედრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ფონზე ტარდება.

„დიდი ხანია, ამ თემაზე არ გვიმსჯელია.  ახლა ნამდვილად დროა, რომ ჩვენს საზოგადოებას ამ საკითხზე ვესაუბროთ. რუსეთის მხრიდან ვხედავთ იმავე რიტორიკას. და კიდევ ერთხელ, ეს არ არის აჟიოტაჟის შესაქმნელად, ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ამის გაკეთება ნებისმიერ დღეს შეგვიძლია“, – აცხადებს ნატოს ბირთვული ოპერაციების ხელმძღვანელი, დენიელ ბანჩი.

სწავლება, რომელსაც ნიდერლანდები უდგას სათავეში, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მასში ჩართულია NATO-ს 14 ქვეყნის 70 თვითმფრინავი. წვრთნები ათ წელზე მეტია, ყოველწლიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იმართება.

სამხედრო წვრთნების დროს აფრინდნენ ბომბდამშენები და გამანადგურებლები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების გადატანა, თუმცა სწავლების დროს ბირთვული იარაღი ან საბრძოლო მასალა არ არის გამოყენებული.

„ჩვენ ფსიქოლოგიურად ვამზადებთ წვრთნებში მონაწილეებს, რათა შეძლონ ასეთი მისიის შესრულება. არსებობს რამდენიმე ეტაპი, რომლებიც  ამ პილოტების მზადყოფნის მაღალი დონის შენარჩუნებას ითვალისწინებს, რათა მათ შეძლონ დასახული ამოცანების შესრულება. ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება. ეს ნატოს ფარგლებში სპეციალური მისიაა როგორც მოკავშირეებისთვის, ისე ნიდერლანდების საჰაერო ძალებისთვის“, – განაცხადა ნიდერლანდების საჰაერო ძალების 312-ე ესკადრილიის მეთაურმა, ბრამ ვერსტეგმა.

წვრთნების დიდი ნაწილი რუსეთისა და უკრაინის მოშორებით, ჩრდილოეთის ზღვაში, იმართება და მასში ჩართული იქნება რამდენიმე სამხედრო ბაზა ბელგიაში, ბრიტანეთში, დანიასა და ნიდერლანდებში.

ორი ქვეყანა, შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, ბირთვული ძალებით NATO-ს სტრატეგიული შეკავების ძირითადი ნაწილია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend